ბლოგიგანხილვებიმთავარიმობილური მოწყობილობებისთვისოპერაციული სისტემატექსტურიტექსტური

გზამკვლევი სმარტფონების სამყაროში

მოგეხსენებათ დღეს დღეობით უამრავი სმარტფონია, სხვადასხვა ტექნიკური მახასიათებლით, ოპერაციული სისტემით, კლასითა თუ ფასით. ამიტომ ხშირ შემთხვევაში რთულია იმ ერთი საუკეთესოს არჩევა უამრავს შორის. შემოგთავაზებთ პატარა სტატიას, თუ როგორ ავარჩიოთ ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტი სმარტფონებს შორის და ასევე განვიხილავ იმ დეტალებს, რაც ვფიქრობ ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, ვისაც ცოტა ინტერესი მაინც აქვს სმარტფონების მიმართ, ან უბრალოდ აქტიური მომხმარებელია. ასევე მინდა აღვნიშნო რომ სტატია განკუთვნილია მათთვის, ვისაც ნაკლები ცოდნა აქვთ სმარტფონების შესახებ და არა იმ ადამიანებისთვის, ვინც მეტნაკლებად გარკვეულია ტექნოლოგიებში, თუმცა ესეთებიც თუ წაიკითხავთ არ იქნება ურიგო. ამიტომ შევეცდები სტატიაში მაქსიმალურად გასაგებად, არა ტექნოლოგიური ენით ვისაუბრო.

რა არის სმარტფონი(Smartphone)?
სმარტფონი – იგივე ჭკვიანი ტელეფონი არის მოწყობილობა რომელიც მუშაობს განვითარებულ ოპერაციულ სისტემაზე. მას შეუძლია შეითავსოს როგორც მობილური ტელეფონის, ისევე გარკვეულწილად კომპიუტერის ფუნქციები. მისი ფუნქციონალი არ შემოიფარგლება მხოლოდ კომუნიკაციით, შეუძლია შეითავსოს კამერის; პერსონალური ასისტენტის; ნავიგაციის; საფულის; ტელევიზორის თუ სხვა მრავალი მოწყობილობის შესაძლებლობები და გააერთიანოს ერთ მოწყობილობაში.

ოპერაციული სისტემა
ოპერაციული/საოპერაციო სისტემა(Operating system) – ეს არის კომპიუტერული პროგრამა, რომელიც მართავს ურთიერთობას სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამულ პაკეტებს(Software) მოწყობილობის შემადგენელ ნაწილებს(Hardware) და მომხმარებელს შორის. ანუ ის უზრუნველყოფს რომ მოწყობილობამ, ჩვენს შემთხვევაში სმარტფონმა შეძლოს ფუნქციონირება და სხვადასხვა ამოცანის შესრულება.

Android და iOS სისტემები
Android კომპანია Google-ს კუთვნილი ოპერაციული სისტემაა, თუმცა ამ სისტემაზე მომუშავე სმარტფონებს უშვებს სხვა ბევრი ბრენდიც, როგორებიცაა Samsung; Huawei; Xiaomi; Oppo; Vivo; Sony; HTC; Motorola; Lenovo; Asus; Oneplus; Nokia თუ სხვა.
iOS ოპერაციული სისტემა შექმნილია Apple-ს მიერ და მხოლოდ ეს კომპანია უშვებს ამ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობებს.

ახლა ვისაუბროთ თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სმარტფონის შეძენამდე და რას არა.
პირველ რიგში ვისაუბრებ ბრენდებზე. ძალიან ბევრი კომპანიაა, რომელიც სმარტფონებს აწარმოებს შეგვიძლია ვიყიდოთ. თუმცა სამწუხაროდ მომხმარებელში არასწორი შეხედულებაა ხოლმე გავრცელებული, ბევრი Apple-ს ამჯობინებს ყველას და ამბობს რომ iPhone საუკეთესო პროდუქტია, ხშირ შემთხვევაში მის ქონას რაღაც პრესტიჟად მიიჩნევენ. ზოგი ამბობს, “Samsung საუკეთესოა, მის გარდა სხვა ბრენდი არ უნდა იყიდო”, ზოგიც “Huawei ყველაზე კარგ სმარტფონებს აწარმოებს, მის გარდა სხვა სმარტფონს ნუ შეიძენთ”, მაგრამ გეტყვით, რომ არავითარ შემთხვევაში სმარტფონი არ უნდა აარჩიოთ იმის მიხედვით, თუ რომელი კომპანიის მიერაა წარმოებული. არც iPhone არის ყველაზე “ძერსკი” და საუკეთესო სმარტფონი. საუკეთესო სმარტფონი ისაა, რომელიც თქვენს მოთხოვნებს ბოლომდე აკმაყოფილებს და მისი ფასი მისი ფასიც მისაღებია.

პირველ რიგში თქვენ უნდა აარჩიოთ რომელ ოპერაციულ სისტემაზე იყიდით სმარტფონს.
უკვე დიდი ხანია კამათობენ Android ოპერაციული სისტემაა უკეთესი თუ iOS. ამ თემას მეც შევეხები და გეტყვითო რომ ორივე თანამედროვე, პოპულარული და საკმაოდ განვითარებული ოპერაციული სისტემაა. მოკლედ აღვნიშნავ თითოეულის უპირატესობებს. Android სისტემის ერთერთი დადებითი მხარე მისი მრავალფუნქციურობაა, აქვს ზოგიერთი ისეთი ფუნქცია, რასაც iOS ვერ გვთავაზობს. მართალია iOS სისტემაც გვთავაზობს ისეთ ფუნქციონალს, რაც Android-ში არ გვხვდება, მაგრამ ეს მაინც Android-ის უპირატესობად ითვლება, რადგან ასეთი Android-ში ბევრად მეტია. ასევე Android გვაძლევს შესაძლებლობას ჩვენი სმარტფონი ჩვენს გემოვნებას მოვარგოთ, შევცვალოთ მასში ინტერფეისის დეტალები და სხვა ბევრი რამ, ეს ნამდვილად დიდი პლიუსია. მართალია ბოლო პერიოდში დიდი ყურადღება მიექცა უსაფრთხოებას Android სმარტფონებში, თუმცა ეს მაინც iOS სისტემის პლიუსია, მის დაცულობას დიდ ყურადღებას აქცევს მწარმოებლი. ის ჩაკეტილი სისტემაა და არ იძლევა  საშუალებას მომხმარებელმა მოიპოვოს წვდომა სრული წვდომა მასზე, ასე რომ ამ მხვრივ iOS წინაა . Apple ყოველთვის მხოლოდ პრემიალურ სმარტფონებს გთავაზობთ, კარგი ხარისხით, კარგი დიზაინით და iPhone-ები ძალიან პოპულარულია მომხმარებლებში. თუმცა როგორც აღვნიშნეთ Android სისტემაზე მომუშავე სმარტფონებს ბევრი ბრენდი აწარმოებს და არჩევანიც საკმაოდ დიდია, შეგიძლიათ მათი დიზაინი, ფასი თუ მახასიათებლები თქვენს გემოვნებას და ჯიბეს შეუსაბამოთ, რაც iPhone ყიდვისას არ შეგიძლიათ. ასე რომ ორივე ოპერაციულ სისტემას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ ვერ ვიტყვით რომ რომელიმე ოპერაციული სისტემა უკეთესია მეორეზე. უფრო დეტალურად ამ ორი სისტემის შედარებას სხვა სტატიაში გავაკეთებთ, რადგან ეს სტატია არ არის Android VS iOS, უბრალოდ დაგეხმარებათ ცოდნა გაიღრმავოთ სმარტფონების შესახებ და უკეთ შეძლოთ გადაწყვეტილების მიღება ყიდვისას.
თუ თქვენ ამ ორ სისტემას შორის iOS აარჩიეთ და გსურთ iPhone იყიდოთ ბევრი რჩევა არ დაგჭირდებათ, რადგან Apple ბევრ მოდელს არ უშვებს. ის ძირითადად 1 წელში 2 ან 3 სმარტფონს წარადგენს ხოლმე. 2 სმარტფონი ძირითადად სტანდარტულია, ერთი ჩვეულებრივი, ერთი კი Plus ვერსია. Plus ვერსიას ყოველთვის აქვს დიდი ზომის ეკრანი, უკეთესი ბატარეია და კამერა. რომელს აარჩევთ თქვენზეა დამოკიდებული. ხოლო თუ მესამე სმარტფონიც ვიხილეთ Apple-სგან ის განსხვავებულია. ესეთი იყო iPhone SE და iPhone X. მხოლოდ ერთ რჩევას მოგცემთ, არ არის მართებული იყიდოთ iPhone რომელიც 3 წელზე მეტი ხნის გამოსულია, რადგან ის უკვე საკმაოდ მოძველებულია და მალე იწყებს შენელებას, ასევე მისი ფასი მაინც საკმაოდ მაღალია, პოპულარობიდან გამომდინარე და სხვა მართლა ბევრად უკეთესი სმარტფონის ყიდვაა შესაძლებელი.

რაც შეეხება Android სმარტფონებს აქ ძალიან დიდი არჩევანია. სმარტფონები ძირითადად იყოფა სამ კატეგორიად, ესენია: ფლაგმანური – სმარტფონი საუკეთესო ტექნოლოგიებით, ახალი ინოვაციებით და საუკეთესო ტექნიკური მახასიათებლებით, შესაბამისად მაღალი ფასით; საშუალო კლასის – სმარტფონი რომლის ფასიც არ არის ძალიან მაღალი, მასში არ გვხვდება საუკეთესო მახასიათებლები, როგორც ფლაგმანურ სმარტფონებში. ბიუჯეტური – შედარებით იაფფასიანი სმარტფონები.

სმარტფონის შეძენემდე უნდა განსაზღვროთ თქვენი პრიორიტეტები. პრიორიტეტი შეიძლება იყოს შემდეგი: დიზაინი; ტექნიკური მახასიათებლები; პროგრამული უზრუნველყოფა; კამერა; ეკრანის ხარისხი თუ ზომა; ბატარეიის გამძლეობა თუ სხვა.
დიზაინი გემოვნების საკითხია და ყველა ადამიანი თავად წყვეტს რომელი სმარტონია მისთვის უფრო ლამაზი თუ კომფორტული, ამიტომ ამ საკითხში არჩევანს თქვენ დაგიტოვებთ.
ტექნიკური მახასიათებლები ყველა სმარტფონს სხავადასხვაგვარიაქვს. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სწრაფი და ძლიერი სმარტფონის ქონა, რათქმაუნდა ამ დეტალს მიაქცევთ ყურადღებას. ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება ჩიპსეტს/სისტემურ ჩიპს, ეს სმარტფონის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. სხვანაერად რომ ვთქვათ, ეს არის პლატა, რომელზეც დამაგრებულია სხვა ნაწილები: პროცესორი; ვიდეო ბარათი; ოპერატიული მეხსიერება; კომუნიკაციის საშუალებები და სხვა. ჩიპსეტები, როგორც სმარტფონები იყოფა ფლაგმანურ, საშუალო კლასის და ბიუჯეტურ ვარიანტებად. თავისთავად რაც უფრო მაღალი კლასისაა ჩიპსეტი მით უფრო მძლავრია. Qualcomm; Mediatek; Exynos; Hisilicon; Nvidia; Intel; ესენი Android სმარტფონებში პოპულარული ჩიპსეტების მწარმოებელი ბრენდებია. Exynos კომპანია Samsung-ის საკუთრებაა, ხოლო Hisilicon Huawei-ს, შესაბამისად ამ ჩიპსეტებს მათივე სმარტფონებში შეხვდებით. რათქმაუნდა Samsng-ის წარმოებული ჩიპსეტები საკმაოდ კარგი ხარისხისაა და კარგ წარმადობას იძლევა. რაც შეეხება Huawei-ს, დიდი ხანი არ არის რაც სმარტფონის ჩიპსეტებს აწარმოებს, თუმცა ეს საკმაოდ კარგად გამოდის. ჩამოთვლილთაგან დანარჩენს შორის Nvidia და Intel ნაკლებად პოპულარულია და იშვიათ სმარტფონებში იხილავთ. Qualcomm-ის წარმოებულ ჩიპსეტებს ბევრ სმარტფონში ნახავთ, რადგან დღესდღეობით ის ერთერთი საუკეთესოა და Android ბაზარზე თითქმის უკონკურენტოც კი. რაც შეეხება Mediatek-ს, ის ჩინური კომპანიაა და ძირითადად ჩინური წარმოშობის სმარტფონებში იხილავთ. მისი ჩიპსეტები ნაკლებადაა ფლაგმანური კლასის და უმეტესად საშუალო და ბიუჯეტური კლასის სმარტფონებში გვხვდება. ეს მოკლედ სმარტფონების ჩიპსეტებზე. სმარტფონში ვიდეო ბარათის დანიშნულებაა გამოსახულების რაც შეიძლება მაღალი ხარისხით გადმოცემა და ამ დავალებას ყველაზე კარგად Qualcomm-ის ჩიპსეტებში არსებული, Adreno სერიის ვიდეო ბარათები უმკვლავდება. ასევე მნიშვნელოვანია ოპერატიული მეხსიერება(RAM), რაც მეტია ოპერატიული მეხსიერება სმარტფონი უფრო სწრაფად შეძლებს ამოცანების შესრულებას და რამდენიმე აპლიკაციასთან ერთდროულად მუშაობას გაგიადვილებთ. ასე რომ თუ გსურთ თქვენი სმარტფონი სწრაფი და ძლიერი იყოს საუკეთესო არჩევანი Qualcomm-ის დამზადებულ ჩიპსეტებზე მომუშავე სმარტფონი იქნება.
თმცა სწრაფად და სტაბილურად მუშაობისთვის მხოლოდ ძლიერი მონაცემები არ კმარა, საჭიროა კარგი პროგრამული უზრუნველყოფა. როგორც ზემოთ აღვნიშნე Android კომპანია Google-ს კუთვნილი ოპერაციული სისტემაა, შესაბამისად სწრაფ და სტაბილურ Android მოწყობილობებს სწორედ Google აწარმოებს. ასე რომ თუ გსურთ სმარტფონი დიდი ხნის განმავლობაში გემსახუროდ სწრაფად და შეუფერხებლად Google-ს წარმოებული სმარტფონები იდეალური ვარიანტია, ასევე ისინი ყველაზე პირველი იღებენ სისტემურ განახლებებს და ესეც დადებითი მხარეა. Google ასევე თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიებთან Android One პროგრამით და ის სმარტფონები, რომლებიც ამ პროგრამაშია ჩართული სწრაფად იღებენ განახლებებს და სტაბილურად მუშაობენ. ბევრი სხვა კომპანიაა, რომელიც Android სისტემაში დიდ ცვლილებებს არ ახდენენ, ამიტომ ასეთი კომპანიების სმარტფონებში ხარვეზებს ნაკლებად შეხვდებით. სხვა კომპანიები კი თვლიან რომ უმჯობესია Android-ს საკუთარი დეტალები დაუმატონ და ისე ჩააშენონ სმარტფონში. მაგალითად Samsung, Huawei, Xiaomi, LG სრულიად შეცვლილ Android-ს გვთავაზობენ, ე.წ. საკუთარი სკინით. უპირატესობა ის არის, რომ სრულიად განსხვავებულ სამომხმარებლო ინტერფეისს ვღებულობთ, რაც შეიძლება ბევრისთვის უფრო ლამაზია. ინტერფეისის შეცვლასთან ერთად მწარმოებლები სხვადასხვა ფუნქციას ამატებენ. თუ ასეთ სმარტფონს აარჩევთ გარკვეულწილად უარის თქმა მოგიწევთ სწრაფ სტემურ განახლებებზე და მაქსიმალურად სწრაფად მომუშავე სმარტფონზე, მაგრამ მრავალფუნქციურ და განსხვავებულ სამომხმარებლო ინტერფეისს მიიღებთ.
კამერა თანამედროვე სმარტფონების ერთერთი ძირითადი შემადგენელი კომპონენტია. ხშირად სვამენ კითხვას “რომელი ბრენდის სმარტფონებს აქვს საუკეთესო კამერა?”. გეტყვით რომ ამ შემთხვევაშიც არასწორი იქნებოდა გამოგვეყო რომელიმე კონკრეტული ბრენდი და გვეთქვა: “ამ ბრენდის სმარტფონებს საუკეთესო კამერები აქვთ”. ასევე არასწორი შეხედულებაა, რომ რაც მეტი მეგაპიქსელი აქვს კამერას უკეთეს სურათს იღებს, ან თუ სმარტფონს ორი კამერა გააჩნია ის უკეთეს სურათს გადაიღებს. მაშ როგორ განვსაზღვროთ რომელ სმარტფონს აქვს უკეთესი კამერა? ასე მარტივი და მზა “ფორმულა” ამის გასაგებად არ არსებობს, თუმცა არის რამდენიმე ნიუანსი რაც განაპირობებს, რამდენად კარგი კამერა აქვს სმარტფონს. ვთვლი რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის პროგრამული უზრუნველყოფა, რადგან ყველა მწარმოებელს შეუძლია კარგი კამერის სენსორის შეძენა, მაგრამ თუ კარგ ალგორითმს შეიმუშავებენ კარგ სურათებს მივიღებთ. დღესდღეობით ამ მხვრივაც Google უპირატესობს, თუმცა რათქმაუნდა სხვა მწარმოებლებიც გვთავაზობენ საუკეთესო კამერებს. ყოველ საფასო კატეგორიაში არიან სმარტფონები, საუკეთესო კამერით, მაგრამ მათ ჩამოთვლას არ დავიწყებ, უბრალოდ შეგახსენეთ რომ საუკეთესოობას არ განსაზღვრავს ბრენდი, მეგაპიქსელი და არც კამერების რაოდენობა.
ეკრანი ეს ის დეტალია, რომელზეც ძალიან ბევრის წერა შეიძლება. ეკრანების რამდენიმე ტიპი არსებობს, სმარტფონებში ძირითადად გავრცელებულია LCD, OLED და AMOLED ტიპის ეკრანები. თუ რომელია საუკეთესო, ამასთან დაკავშირებით ბევრი დავა შეიძლება, თუმცა ვიტყვი რომ სამივე ტექნოლოგია ჯერჯერობით აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. მართალია თითოეულს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგალითად OLED და AMOLED ტიპის ეკრანებს ხშირად უჩნდებათ ე.წ. ბარნები(მკვდარი პიქსელი), LCD ტიპის ეკრანი კი მეტ ენერგიას მოიხმარს. სმარტფონების ეკრანების შესახებ უფრო ვრცლად ჩვენს ბლოგზე განთავსებულ სხვა სტატიაში ვსაუბრობთ და შეგიძლიათ გაეცნოთ. რაც შეეხება იდეალურ ზომას ეს ინდივიდუალურია. თუ გინდათ კომფორტული სმარტფონი, ძირითადად კომუნიკაციისთვის მაშინ შედარებით პატარა ზომის ეკრანი საკმარისი იქნება, თუმცა ვიდეოსბის საყურებლად და სათამაშოდ პატარა ეკრანი არაკომფორტულია. ამიტომ მწარმოებლები მაქსიმალურად ცდილობენ პატარა ზომაში რაც შეიძლება დიდი ზომის ეკრანი ჩაატიონ. ამ მხვრივ ტექნოლოგიები ნამდვილად წინ მიიწევს. თუ რა ზომის სმარტფონია თქვენთვის იდეალური, ამას თავად გადაწყვეტთ, თუმცა ვფიქრობ დღევანდელობიდან გამომდინარე დიდი ზომის ეკრანი მეტად კომფორტულია.
ბატარეიის გამძლეობა მხოლოდ მის მოცულობაზე არაა დამოკიდებული. ამ შემთხვევაშიც ძალიან დიდი როლი ენიჭება პროგრამულ უზრუნველყოფას. დღესდღეობით ბევრი ბრენდი კარგად უმკვლავდება ამ დავალებას, თუმცა თუ თქვენ გსურთ სმარტფონი დიდი ხნის განმავლობაში გამოყენოთ დაუტენავად უმჯობესი იქნება თავი აარიდოთ LCD ტიპის ეკრანებს, ასევე ეკრანებს დიდი რეზოლუციით.
სმარტფონში ასევე სხვა ბევრი ნიუანსია, ბევრი თანამედროვე სმარტფონი წყალგამძლეა, აქვს თითის ანაბეჭდის სკანერი, თვალის ბადურის სკანერი თუ სახის სკანერი, გააჩნია უკაბელო დატენვის შესაძლებლობა და სხვა მრავალი ფუნქცია, თუმცა ერთ სტატიაში ყველაფერზე ვერ ვისაუბრებ. ეს სტატია იყო მცირე მიმოხილვა სმარტფონის შემადგენელი ნაწილების და გარკვეული დეტალების და ვფიქრობ დაგეხმარებათ სმარტფონის არჩევისას სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ.

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close