AndroidiOSბლოგიმთავარიტექსტური

რომელი სისტემა არის საუკეთესო, Android თუ iOS?! მოდით, ერთად გავიგოთ! #2

როგორც მიხვდებოდით ეს სტატია არის წინა სტატიის გაგრძელება, ამიტომ ვისაც პირველი სტატია არ წაგიკითხავთ აუცილებლად წაიკითხეთ ამ ბმულზე.
ახლა კი გავაგრძელებ დანარჩენ დეტალებზე საუბარს.

თამაშები

ვიდეო თამაშები საუკეთესო გასართობი საშუალებაა. მათ უამრავი ადამიანი თამაშობს და ბევრი მომხმარებელი ყურადღებას აქცევს თუ რამდენად კარგად უმკვლავდება სმარტფონი ამა თუ იმ თამაშს. ძალიან ბევრი თამაშია ხელმისაწვდომი iOS და Android მოწყობილობებზე, თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ზოგიერთი თამაში Android მოწყობილობებისთვის არ გამოდის. თამაშის შემქმნელებს iOS პლატფორმისთვის უწევთ თამაში მოარგონ მხოლოდ რამდენიმე ეკრანის ზომას, გაფართოებას და პროცესორს, ამ სისტემისთვის თამაშების შექმნა შედარებით უადვილდებათ, ამიტომაც ზოგ შემთხვევაში უკეთესი ოპტიმიზაცია თამაშებისთვის iPhone-ებზე გვხვდება. Android სმარტფონები კი უამრავი კომბინაციით გამოდის, თამაშების შემქმნელებს დიდი მუშაობა უწევთ, რათა თამაში ბევრ მოწყობილობას მოარგონ. ამისდა მიუხედავად Android სმარტფონებიც იდეალურად უმკვლავდებიან ამ დავალებას და მაღალი კლასის სმარტფონებში არანაერ პრობლემას არ შეხვდებით თამაშისას. ასევე Android სისტემაზე გამოდის სპეციალური სათამაშო სმარტფონები, რომლის შეძენაც შეგიძლიათ. მთლიანობაში ორივე პლატფორმა იდეალურად უმკვლავდება დავალებას.

ხელოვნური ინტელექტი

ეს სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება, ამიტომ ხელოვნურ ინტელექტს ყველგან შეხვდებით. თუმცა ძირითადად დაპირისპირება მიდის ხელოვნურ ასისტენტებს, Google Assistant-სა და Apple Siri-ს შორის. ამ შემთხვევაში თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ Google ერთპიროვანი ლიდერია. Google Assistant არის ყველაზე “ჭკვიანი” და ძლიერი ხელოვნური ინტელექტის მქონე ასისტენტი. მან იცის ყველაფერი თქვენს შესახებ, რაც იცის Google-მა. მისი შესაძლებლობები სცდება მარტივ დავალებების შესრულებას და გეხმარებათ ცხოვრების გამარტივებაში. მართალია Apple ყოველ iOS განახლებაში ცდილობს გააუმჯობესოს Siri, თუმცა სამწუხაროდ ის ისევ შეზღუდულია და მარტივ დავალებების შესრულებაზე მეტს ვერ გვთავაზობს, ვერ უტოლდება Google Assistant-ის “სიჭკვიანეს”.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ Android სმარტფონებში ხელოვნურ ინტელექტს მხოლოდ ასისტენტის სახით არ ვხვდებით, მისი ინტეგრაცია გვხვდება მთლიან სისტემაში, აპლიკაციებში თუ სერვისებში. ის სწავლოს ყველა თქვენს მოქმედებას და ამის მიხედვით განსაზღვრავს როგორ იმოქმედოს. ხელოვნურ ინტელექტს ვხვდებით აპლიკაციაში Google Lens(ხელმისაწვდომია iOS-ზეც), რომელსაც შეუძლია კამერის გამოყენებით ამოიცნოს გამოსახულება და მოიძიოს ინფორმაცია მასზე. ასევე ხშირად ვხვდებით კამერაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას, რაც საშუალებას აძლევს კამერას ამოიცნოს რა ობიექტს უღებთ სურათს და თავად განსაზღვროს სინათლე, თეთრის ბალანსი, ფოკუსი და სხვა დეტალები და ისე გადაიღოს სურათი.

უსაფრთხოება

ბევრი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სმარტფონი იყოს დაცული. სრულ დაცულობას ვერც Android გვთავაზობს და ვერც iOS, თუმცა ამ მხვრივ უპირატესობა iOS სისტემას ენიჭება. როგორც მოგეხსენებათ Android ღია სისტემაა, ეს ნიშნავს, რომ მისი პროგრამული კოდი ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის.  სამწუხაროდ ამ ფაქტის გამო შედარებით იოლია ამ სისტემის “გატეხვა” და ვირუსული ტიპის აპლიკაციებსაც იოლად შეუძლიათ შეაღწიონ მასში.  iOS კი ჩაკეტილი სისტემაა. ეს არ ნიშნავს, რომ ის აბსოლიტურად დაზღვეულია ვირუსული ტიპის აპლიკაციებისგან, მაგრამ მასში შეღწევა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ასევე მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ სისტემის ყველაზე სუსტი წერტილი თავად მისი მომხმარებელია. ამიტომ თუ ფრთხილად და ყურადღებით მოიხმართ სმარტფონს ბევრად ნაკლები შანსია იმის რომ ვირუსული აპლიკაციის მსხვერპლი გახდებით.

უპირატესობები, რომელიც Android სისტემას გააჩნია – iOS სისტემას კი არა

სტანდარტული აპლიკაციების შეცვლის შესაძლებლობა: თუ რომელიმე აპლიკაცია, მაგალითად ბრაუზერი, შეტყობინებები თუ სხვა ნებისმიერი არ მოგწონთ თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ის სხვა აპლიკაციით. ამისთვის საჭიროა მხოლოდ გადმოწეროთ სხვა აპლიკაცია და აირჩიოთ ის ნაგულისხმევ(Default) აპლიკაციად.
შეტყობინებების პანელი: iOS სისტემაში იღებთ შეტყობინებებს, რომლის მართვაც არ შეგიძლიათ, თუმცა Android გაძლევთ საშუალებას განსაზღვროთ რომელი აპლიკაციის შეტყობინებებია თქვენთვის პრიორიტეტული, რომელი აპლიკაციების შეტყობინებების ხილვა საერთოდ არ გსურთ, ასევე შეტყობინებების გაკონტროლების სხვა შესაძლებლობებივ გაქვთ. Android ერთი აპლიკაციის შეტყობინებებს ერთად ალაგებს, რაც ადგილის კარგად გამოყენებას უწყობს ხელს და უფრო კომფორტულიცაა.
ზარების ჩაწერა Android მოწყობილობაზე დიდიხანია ძალიან მარტივია, ხოლო iOS სისტემა ამის მარტივად გაკეთების საშუალებას არ გაძლევთ.
Android სისტემაში შეგიძლიათ დაამატოთ ერთზე მეტი მომხმარებელი, როგორც ეს შესაძლებელია Windows და Mac კომპიუტერებზე. ეს ფუნქცია საშუალებას იძლევა მოწყობილობა გამოიყენოს ერთზე მეტმა ადამიანმა ისე, რომ თითოეულ მათგანს საკუთარი სივრცე და პირადი ინფორმაცია გააჩნდეს, რომელიც დაცული იქნება მეორე მომხმარებლისგან.
ორი აპლიკაციის ერთდროულად გახსნის შესაძლებლობა, რაც დამეთანხმებით ძალიან კარგია არ გაქვთ iPhone-ზე(ის ხელმისაწვდომია მხოლოდ ზოგიერთ iPad-ზე), Android კი ამის საშუალებას იძლევა. შეგიძლიათ ერთდროულად გახსნათ ორი აპლიკაცია და გამოიყენოთ ისინი.
ვიჯეტების დამატება სამუშაო დაფაზე ძალიან მარტივია Android მოწყობილობაში, რაც ძალიან კომფორტულია. შეგიძლიათ სურვილისამებრ აარჩიოთ და დაამატოთ საათის, ამინდის, კალენდრის, ვალუტის თუ სხვა ბევრი ვიჯეტი, რისი შესაძლებლობაც iOS მომხმარებლებს არ გააჩნიათ.
Live Wallpapers: შეგიძლიათ სამუშაო დაფაზე დააყენოთ ცოცხალი სურათები მარტივად, რისი დიდი არჩევანიც გაქვთ Android სმარტფონებზე. ამის დიდი არჩევანი კი iOS სისტემაზე ნამდვილად არ გაქვთ.
Launchers: ლანჩერი, ეს არის აპლიკაცია, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი სამუშაო ეკრანის და აპლიკაციების მენიუს განლაგება და დიზაინი. ასევე შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ხატულები და სხვა მრავალი შესაძლებლობა გეძლევათ.
Android სისტემაში დაახლოებით 100 ენა გვხვდება, ხოლო iOS სისტემაში 40.
Android სმარტფონებში სხვა ბევრი დეტალის შეცვლა და საკუთარ გემოვნებაზე მორგებაა შესაძლებელი, რაც დიდი პლიუსია. ასევე Android სმარტფონების ზოგიერთი მწარმოებელი სხვადასხვა საინტერესო სერვისს გვთავაზობს. ყველა მათგანზე რათქმაუნდა ვერ ვისაუბრებთ.

უპირატესობები, რომელიც iOS სისტემას გააჩნია – Android სისტემას კი არა

ეკრანის ჩაწერა: iOS სისტემას სტანდარტულად მოყვება სერვისი, რომელსაც შეუძლია ეკრანს ვიდეო გადაუღოს. ამის გაკეთება Android სისტემაზეცაა შესაძლებელი, თუმცა ამას დამატებითი აპლიკაციები სჭირდება.
თანამშრომლობა სხვა მოწყობილობებთან: წინა სტატიაშიც აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ. Apple-ს აქვს იდეალური ეკოსისტემა, რომელშიც შედის მოწყობილობები: iPhone, iPad, Mac, Apple Watch, Apple TV. ყველა ეს მოწყობილობა კარგად თანამშრომლობს ერთმანეთთან. მსგავსი Android მოწყობილობებში არ გვხვდება, მართალია არის საათები, პლანშეტები და ტელევიზორები Android სისტემაზე, მაგრამ მათ ერთმანეთთან თანამშრომლობა არ შეუძლიათ როგორც ეს Apple-ს მოწყობილობებს შეუძლიათ. მაგალითად შეგიძლიათ ერთიდაიგივე მუსიკა ორ ტელევიზორში ჩართოთ, მიიღოთ შეტყობინებები და ზარები რამდენიმე მოწყობილობაში ერთდროულად.
ხშირ შემთხვევაში აპლიკაციები პირველად iOS სისტემაზე იღებენ ახალ ვერსიას, შემდეგ კი Android სისტემაზე. ასევე ამ სისტემაზე მომუშავე სმარტფონებში არ შეხვდებით ოპერატორის მიერ დამატებულ აპლიკაციებს თუ სერვისებს.
iMessages: ეს არის აპლიკაციე, რომელიც მუშაობს iPhone, iPad, Mac და Apple Watch მოწყობილობაზე. მისი დახმარებით მარტივად შეგიძლიათ გაუგზავნოთ სხვას ტექსტური შეტყობინებები, სურათები, ვიდეოები თუ თქვენი ადგილმდებარეობა.
სიმარტივე: ზოგიერთი ალბათ იტყვის, რომ Android უფრო მამრტივი ოპერაციული სისტემაა, მაგრამ მთლიანობაში ეს ასე არ არის. iOS სისტემაა, რომელიც დიდიხანია განახლებების დროს რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებას არ გვთავაზობს, მისი ძირითადი ინტერფეისი შეუცვლელი რჩება, ან მცირე ცვლილებებს იღებს, რის გამოც ახალ ვერსიაზე გადასვლა მარტივია.
iOS სისტემის სამომხმარებლო ინტერფეისი მართლაც საკმაოდ მარტივი და მომხმარებელზე მორგებულია. ასევე ხშირ შემთხვევაში საკმაოდ სწრაფია და არ ახასიათებს ხარვეზები, გაჭედვები და რიგი პრობლემები.

მოდი ბოლოს შევაჯამოთ.
Android – ეს არის ოპერაციული სისტემა, რომელიც გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნებით. მომხმარებელს დიდი არჩევანი აქვს ამ სისტემაზე მომუშავე სმარტფონის შეძენისას. შეუძლია აარჩიოს სხვადასხვა ფასის, მონაცემების, მეხსიერების, ბატარეიის, ზომის მქონე მოწყობილობა. შეძენის შემდეგ აქვს შესაძლებლობა თავის გემოვნებას მოარგოს სამომხმარებლო ინტერფეისი და დეტალები. ასევე Android სისტემა ყოველ განახლებისას უფრო და უფრო ვითარდება და ახალ შესაძლებლობებს თავაზობს მომხმარებლებს.
iOS – ეს ოპერაციული სისტემა არის მათთვის, ვინც საჭიროებს მაღალი კლასის სმარტფონს, რომელიც იქნება მარტივი და იმუშავებს უხარვეზოდ და გამართულად.

მთლიანობაში ორივე სისტემას ყავს თავისი მომხმარებელი. თითოეული მომხმარებელი თავად განსაზღვრავს თუ რა არის მისთვის პრიორიტეტული და რომელი სისტემა ჯობს მის შემთხვევაში. ჩვენ არ ვეწევით რომელიმე ოპერაციული სისტემის პიარს, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, Android სისტემა დიდი სისწრაფით მიიწევს წინ, ყოველ წელს იხვეწება და ახალ შესაძლებლობებს გვთავაზობს. რათქმაუნდა iOS სისტემაც მიიწევს წინ, მაგრამ სამწუხაროდ იმ ტემპით ვერ, როგორც Android ბოლო წლებში.
როგორც მიხვდით, სტატიაში ვსაუბრობდით ოპერაციულ სისტემებზე და არა კონკრეტულ მოწყობილობებზე და იმაზე თუ რა ტექნიკური მახასიათებლებით ჯობს ერთ ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე სმარტფონები მეორეს ან რა ინოვაციური შესაძლებლობები აქვს ერთ მოწყობილობას მეორესთან შედარებით. იმედია სტატია დაგეხმარებათ დაინახოთ სხვაობა ამ ორ სისტემას შორის და სწორად გააკეთოთ არჩევანი სმარტფონის შეძენისას.

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close