AndroidiOSბლოგიმთავარიმობილური მოწყობილობებისთვისტექსტური

რომელი სისტემა არის საუკეთესო, Android თუ iOS?! მოდით, ერთად გავიგოთ! #1

მოგეხსენებათ Android და iOS გახლავთ ორი ყველაზე პოპულარული და გავრცელებული ოპერაციული სისტემა მობილური მოწყობილობებისთვის. შეიძლება მათი შედარება საინტერესო არ ჩანს, მაგრამ შევეცდები ეს ორი ოპერაციული სისტემა განსხვავებული კუთხით დაგანახოთ და მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები გაგაცნოთ.
პირველ რიგში მოკლედ გაგაცნობთ ამ ორი ოპერაციული სისტემის ისტორიას.

Android

კორპორაცია „Android“ დაარსდა 2003 წელს კალიფორნიის შტატში, გუგლის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის ავტორები იყვნენ ენდი რუბინი, რიჩ მინერი და ნიკ სირსი. თავიდან კომპანია ცდილობდა განევითარებინა ოპერაციული სისტემა ციფრული კამერებისთვის, თუმცა ეს ბაზარი არ იყო საკმარისად დიდი და შემდეგ გადაერთნენ სმარტფონების ოპერაციული სისტემის შექმნაზე. მათი მიზანი იყო „ჭკვიანი მობილური მოწყობილობის შექმნა, რომელსაც ეცოდინებოდა მისი მფლობელის ადგილმდებარეობა და კონფიგურაციები“. კორპორაცია შეეცადა შეექმნა Symbian და Windows Mobile-ის კონკურენტი სისტემა. „Android“ საიდუმლოდ მუშაობდა. მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ კორპორაცია აწყობდა მობილური ტელეფონებისთვის განკუთვნილ პროგრამას. 2005 წელს ეს კორპორაცია თავად გუგლმა შეისყიდა. პირველი Android OS-ზე მომუშავე სმარტფონი იყო HTC Dream, რომელიც 2008 წლის ოქტომბერში გამოვიდა გაყიდვაში. დღეს აღნიშნულ ოპერაციულ სისტემაზე ძალიან ბევრი კომპანია აწარმოებს მობილურ მოწყობილობებს.

iOS(iPhone OS)

ოპერაციული სისტემა iOS შეიქმნა კომპანია Apple Inc-ის მიერ თავისივე წარმოების მობილურ მოწყობილობებისთვის. პირველად ის ბაზარზე ვიხილეთ  2007 წლის 29 ივნისს. ამ ოპერაციულ სისტემას იყენებს Apple თავის მოწყობილობებში(iPhone, iPad, iPod, Apple TV და Apple Watch) და არ ყიდის სხვა კომპანიებზე. iOS მეორე ყველაზე გაყიდვადი მობილური ოპერაციული სისტემაა Android-ის შემდეგ.

ახლა კი გადავიდეთ კონკრეტულად ამ ორი ოპერაციული სისტემის შედარებაზე.

მოწყობილობები

როგორც უკვე აღვნიშნეთ მხოლოდ Apple აწარმოებს სმარტფონებს iOS ოპერაციულ სისტემაზე, შესაბამისად ის შესანიშნავად აკონტროლებს მოწყობილობების ხარისხს და მუშაობას. Android ოპერაციულ სისტემაზე უამრავი ბრენდი უშვებს მოწყობილობებს. რათქმაუნდა მაღალი კლასის Android სმარტფონებში კარგად ხდება ხარისხის კონტროლი, თუმცა ზოგჯერ შედარებით იაფფასიან სმარტფონებში ვხვდებით რიგ პრობლემებს. როცა Apple გვთავაზობს სმარტფონების მხოლოდ ერთ სერიას საჭიროა აარჩიოთ სასურველი მოდელი, ხოლო Android სმარტფონებში თქვენ ბევრად დიდი არჩევანი გხვდებათ. ერთი მხვრივ iPhone-ს არჩევა მარტივია, Android-ის კი დამღლელი, მაგრამ მეორე მხვრივ შეგიძლიათ სასურველი დიზაინის, ზომისა და მონაცემების მქონე Android სმარტფონი აარჩიოთ, ხოლო iPhone-ს არჩევისას ამის საშუალება არ გაქვთ.

განახლებები

თუ თქვენი სურვილია სმარტფონი ყოველთვის ოპერაციული სისტემის ბოლო ვერსიაზე გქონდეთ განახლებული უნდა აირჩიოთ iPhone ან Google-ის წარმოებული Android მოწყობილობა. რადგან Apple არის ის ერთადერთი, რომელიც აწარმოებს სმარტფონებს iOS ოპერაციულ სისტემაზე, შესაბამისად iPhone-ები ყოველთვის იღებენ ამ ოპერაციული სისტემის განახლებულ ვერსიას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. რაც შეეხება Android მოწყობილობებს, როგორც მოგეხსენებათ Google არის ამ ოპერაციული სისტემის მფლობელი კომპანია და შესაბამისად სწრაფ განახლებებს მხოლოდ მისი სმარტფონები იღებენ, სხვა კომპანიები კი ხშირ შემთხვევაში აგვიანებენ სმარტფონის განახლებას უახლეს ოპერაციულ სისტემაზე. ასევე iPhone-ებს უფრო დიდხნიანი განახლების ციკლი აქვთ, ისინი დაახლოებით 5 წლის განმავლობაში იღებენ უახლეს ოპერაციულ სისტემას, ხოლო Android სმარტფონები 2, უკეთეს შემთხვევაში 3 წლის განმავლობაში.

აპლიკაციები

წლევანდელი მონაცემებით Apple App Store-ში ხელმისაწვდომია დაახლოებით 2.1 მილიონი აპლიკაცია, ხოლო Google Play Store-ში 3.5 მილიონი აპლიკაცია. თუმცა აპლიკაციების სიმრავლე არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. Apple მკაცრად აკონტროლებს თუ რა აპლიკაციები მოხვდებიან App Store-ში, Google კი ნაკლებად მკაცრად უდგება ამ საკითხს, ამიტომ App Store-ში არ შეხვდებით არასანდო ან მატყუარა აპლიკაციებს, Play Store-ში კი შესაძლოა ასეთი იხილოთ. თუმცა რადგან Google მკაცრად არ უდგება ამ საკითხს ბევრი ფასიანი სერვისის უფასო ანალოგის ან თუნდაც ისეთი სერვისების და აპლიკაციების, რაც iOS-ისთვის ფასიანია Android-ში უფასოდ ნახვა შეგიძლიათ.

ინტეგრაცია სხვა მოწყობილობებთან

კომპანია Apple აწარმოებს როგორც სმარტფონებს, ასევე კომპიუტერებს, საათებს და სხვა მოწყობილობებს, ამიტომ ამ კომპანიის წარმოებული მოწყობილობები იდეალურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან. მაგალითად შეგიძლიათ ზარი ან ტექსტური შეტყობინება ერთდროულად მიიღოთ თქვენს რამდენიმე მოწყობილობაზე(iPhone, Mac, Apple Watch) ან ელექტრონული ფოსტის წერა დაიწყოთ iPhone-ში და გააგრძელოთ Mac-ში, რაც დამეთანხმებით ძალიან კომფორტულია. მსგავს სერვისს სრულყოფილად Android ვერ გვთავაზობს, რადგან მოწყობილობებს სხვადასხვა კომპანიები აწარმოებენ. Google-ს სერვისები, Gmail, Google app, Maps, Chrome თუ სხვ. ყველა Android მოწყობილობაზე მუშაობს, რაც საკმაოდ კარგია.
Android-ის ერთი დიდი დადებითი კი ის არის, რომ მარტივად შეგიძლიათ ფაილების გადაცემა სხვა მოწყობილობასთან. USB კაბელით შეგიძლიათ შეაერთოდ კომპიუტერთან და სასურველი ფაილები გადაიტანოთ, ან გადმოიტანოთ მარტივად. ხოლო iOS შემთხვევაში ამისთვის დამატებითი აპლიკაციებია საჭირო. ასევე ძალიან მარტივია ფაილების გაცვლა სხვა Android მოწყობილობებში.

სამომხმარებლო ინტერფეისი

Android ღია ოპერაციული სისტემაა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ბევრი დეტალის შეცვლა სამომხმარებლო ინტერფეისში. მაგალითად მწარმოებლები ხშირ შემთხვევაში ანაცვლებენ Android-ის ქარხნულ აპლიკაციებს ან გვთავაზობენ სხვადასხვა დიზაინის ინტერფეისს. ასევე თითოეულ მომხმარებელს შეუძლია ინტერფეისის საკუთარი გემოვნებისთვის მორგება და დეტალების შეცვლა, ისევე როგორც სტანდარტული აპლიკაციების ჩანაცვლება სასურველი აპლიკაციით, რაც საკმაოდ დიდი დადებითი მხარეა.
რაც შეეხება iOS სისტემას, ის ჩაკეტილია და ცვლილებების მოხდენის საშუალებას არ იძლევა. Apple განაგებს თუ როგორი სამომხმარებლო ინტერფეისით წარსდგება iPhone მომხმარებლის წინაშე და დეტალების შეცვლა არ არის შესაძლებელი. არ შეგიძლიათ თუნდაც ვიჯეტების დამატება, როგორც Android-ში და სხვა მრავალი დეტალია, რომელსაც თქვენს გემოვნებას ვერ მოარგებთ, რასაც Android-ში მარტივად შეძლებდით. მეორე მხვრივ კი iPhone-ს მარტივი და დახვეწილი სამომხმარებლო ინტერფეისი აქვს, რომელიც ცვლილებების გარეშეც ბევრი ადამიანის მოწონებას იმსახურებს.

გაგრძელება იქნება……..

 

თეგები

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შესაძლოა დაგაინტერესოთ!

Close
Close