განხილვებითვისმთავარიმობილური სამყაროსიახლეებიტექსტურიტექსტური

Nokia 7 Plus-ის დეტალური განხილვა: ყველაზე “ხელმისაწვდომი” პრემიუმ სმარტფონი!

დიდი ხნის პაუზის შემდეგ Nokia სმარტფონების ბაზარზე დაგვიბრუნდა და ამჯერად Android ოპერაციული სისტემით, რაც მისი წარმატებით დაბრუნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან Android ოპერაციული სისტემა ყველაზე პოპულარული და მოქნილი სისტემა არის კონკურენტთან შედარებით. გარდა იმისა, რომ Nokia-მ სწორად აირჩია ოპერაციული სისტემა, მან ასევე სწორად შეარჩია ჩიფსეტების მწარმოებელი კომპანია Qualcomm-ი და მჭიდროდ თანამშრობლობს Google-თან, რაც აისახა თავის სმარტფონებში AndroidOne პროგრამის მხარდაჭერით, რომელიც გულისხმობს სისტემურ და უსაფრთხოების განახლებების სწრაფად მოსვლას.

ახლა მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ Nokia-ს 2018 წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პრემიუმ სერიის სმარტფონი “7 Plus”, რომელიც უახლესი ტექნოლოგიით გვანებივრებს და რაც მთავარია მისი შეძენა ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი.

დიზაინი

 ყუთიდან ამოღების მომენტში ჩემთვის ნათელი გახდა, რომ დიახ, ეს ის Nokia არის, რომელიც წლების განმავლობაში ინოვაციური ტექნოლოგიებით და ხარისხიანი მობილური მოწყობილობებით გვანებრივებდა. პრემიუმ დიზაინი, რომელიც კომფორტულია ხელში ჭერის დროს.

სმარტფონის წინა პანელზე განთავსებულია განთავსებულია 6.0 დიუმიანი 18:9 ფორმატიანი FHD+ რეზოლუციის IPS LCD ეკრანი, რომელზეც გამოსახულების ფერები ბუნებრივი და კონტრასტულია. ეკრანის თანაფარდობა კორპუსთან შეადგენს 77.2 პროცენტს, რაც მის კომპაქტურობაზე მიგვანიშნებს და ნამდვილად კომპაქური სმარტფონია, არ არის შეგრძნება, რომ 6.0 დიუმის ზომის ეკრანის მქონე სმარტფონი გიჭირავთ. წინა პანელზე გვხდება დინამიკი საუბრისთვის და წინა კამერა ვიდეო ზარებისთვის.

კორპუსის უკანა პანელზე განთავსებულია ორმაგი კამერა ZEISS ლოგოთი, კამერისთვის განკუთვნილი ორმაგი ნათება, თითის ანაბეჭდის ბიომეტრიული სკანერი და ბრენდული ლოგოები. უკანა კორპუსის მატერია დამზადებულია მეტალისგან, რომელზეც გადაკრულია კერამიკის საფარი, რაც სმარტფონს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. შუშის დიზაინისგან განსხვავებით კორპუსის უკანა პანელზე ნაკლებად რჩება ნათითურები.

კორპუსის გვერდები სპილენძისფერი მეტალით არის შესრულებული, რომელიც სხვადასხვა დახრის კუთხეების შემთხვევაში ფერებს იცვლის და გამოსახულებას ირეკლავს, რაც სმარტფონს კიდევ უფრო განსხვავებულს და მიმზიდველს ხდის. სმარტფონის ზემოთა ნაწილში 3.5 მილიმეტრიანი აუდიო ჯეკი აქვს განთავსებული, რაც 2018 წლის სმარტფონებში თითქმის იშვიათობა არის.

კორპუსის მარჯვენა გვერდზე პანელზე მოთავსებულია მეტალის მატერიისგან შესრულებული ხმის ამწევ-დამწევი და ჩართვა-გამორთვის ღილაკები.

კორპუსის ქვემოთა ნაწილში განთავსებულია დინამიკი, მიკროფონი და USB Type C V2.0 პორტი. საერთო ჯამში სმარტფონის შემადგენობაშია 3 მიკროფონი, რომელიც Nokia OZO-ს აუდი სისტემით გვაწონებს თავს და აუდიო ფაილსაც მაღალ ხარისხში იწერს.

სმარტფონის კორპუსის მარცხენა გვერდზე პანელზე მოთავსებულია ჰიბრიდული ბარათების სლოტი, სადაც შეგიძლიათ მოათავსოთ ორი სიმ-ბარათის ან ერთი სიმ ბარათი და მეხსიერების ბარათი. მნიშვნელოვანია აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ ორივე სიმ-ბარათის სლოტი მხარდაჭერილია VoLTE ტექნოლოგიით.

სმარტფონის აქსესურებში გვხდება მაღალი ხარიხის ყურსასმენები, USB Type C კაბელი, სწრაფი ბატარიის დამმუხტავი და სილიკონის ქეისი.

საერთო ჯამში სმარტფონის დიზაინი გვთავაზობს მაღალ სტანდარტებს, დახვეწილ ფორმებს და პრემიუმ მატერიალს, რაც დღეისთვის სმარტფონის მახასიათებლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელზეც ყურადღება აუცილებლად უნდა გაამახვილოთ.

პერფომანსი

 Nokia-მ მოცემულ სმარტფონში იდეალური არჩევანი გააკეთა და გამოიყენა Qualcomm-ის უახლესი ერთ-ერთი პოპულარული 14 ნანომეტრიანი არქიტექტურით შესრულებული Snapdragon 660-ის ჩიფსეტი, რაც საშუალო კლასის პრემიუმ სმარტფონისთვის იდეალურია, ამას ემატება ისიც, რომ ოპერატიული მეხსიერება 4 გიგაბაიტიანი არის LPDDR4x ტექნოლოგიით და შესანახი მეხსიერება 64 გიგაბაიტიანი UFS ტექნოლოგიით. მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონი ძალიან სწრაფია და ყველაზე მძლავრ გრაფიკულ თამაშებსაც იდეალურად ართემვს თავს, გთავაზობთ ცენტრალური და გრაფიკული პროცესორების ტესტებს.

Geekbench ტესტში(რომელიც ცენტრალური პროცესორის სიმძლავრეს ზომავს) სმარტფონმა ერთ ბირთვში აიღო 1633 ქულა და მულტი ბირთვში 5653 ქულა, რაც უთანაბრდება წინა წლის ფლაგმანური სმარტფონების სიმძლავრეს და გაცილებით მაღალი შედეგი აქვს ბაზარზე წარმოდგენილ კონკურენტებთან შედარებით.

AnTuTu ტესტში(რომელიც ზომავს მთლიანად ჩიფსეტის სიმძლავრეს) სმარტფონმა აიღო 139 122 ქულა, რაც Geebench-ის ქულების მსგავსად, წინა წლის ფლაგმანურ სმარტფნებს უტოლდება და ბაზარზე არსებულ კონკურენტებს ბევრად უსწრებს. გარდა ამისა, პერფომანსის გაძლიერების საშუალებას გაძლევთ მოცემული ჩიფსეტი იმ შემთხვევაში, თუ შედეგი არ გაკმაყოფილებთ. 🙂

ბატარეა

 სმარტფონის შემადგენლობაშია გიგანტური ბატარეა, რომლის სიმძლავრე განისაზღვრება 3800 მილიამპერით საათში, რაც საშუალო კლასის პრემიუმ სმარტფონებში იშვიათობაა და ეს არ არის მხოლოდ ციფრები. სმარტფონი პირადი მოხმარებისთვის გამოვიყენე და სრული დატვირთვის ეკრან ანთებული რეჟიმით გაძლო 11 საათი, მაშინ, როდესაც 9 პროცენტი ენერგია კიდევ იყო დარჩენილი. ამ 11 საათიდან 80 წუთი გამოყენებული იყო 4G ინტერნეტი, ხოლო დანარჩენი დრო WiFi ინტერნეტს ვიყენებდი. პარალელურად დაახლოებით 30 წუთი გამოვიყენე სატელეფონო ზარი და დაახლოებით 1 საათი მოვუსმინე მუსიკას. მერწმუნეთ, ასეთი შედეგის მიღწევა იშვიათად შეუძლია სმარტფონს. (ეკრანი განათებული იყო 60%-ით, რაც იძლეოდა იდეალურ გამოსახულებას და თვალებისთვისაც არ იყო დამღლელი)

ბატარიის შემდეგ ტესტში შევეცადე მაქსიმალურად გამომეყენებინა სმარტფონი და შედეგი კვლავ საოცარია. ბატარიის ენერგიის მხოლოდ 42 პროცენტის გამოყენებით და ეკრანის 100 პროცენტიანი ანთებულის რეჟიმით სმარტფონმა გაძლო 3 საათი(ანუ მხოლოდ 42 პროცენტის ბატარიის ენერგიის გამოყენებით და არა მთლიანი ენერგიის), საიდანაც სრული დრო ვიყენებდი 4G ინტერნეტს აქტიურ რეჟიმში(შეტყობინებები, ვიდეო ზარები და ჩატი), პარალელურად ვიღებდი ვიდეოებს და ფოტოებს, რაც ბატარიის ენერგიაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს.

სამომხმარებლო ინტერფეისი

 ხშირ შემთხვევაში მწარმოებელი ბრენდები თავის სმარტფონებში ამატებენ ბრენდულ ე.წ. სკინებს, რაც სისტემას ამძიმებს და დროთა განმავლობაში სამომხმარებლო ინტერფეისი კიდევ უფრო ნელდება. Nokia-მ აირჩია განსხვავებული სტრატეგია და თავისი სკინი არ დაადო ინტერფეისს, შესაბამისად Android ოპერაციული სისტემა შემოთავაზებულია ისეთი სახით, როგორიც არის “ორიგინალში”. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ Nokia 7 Plus ჩართულია AndroidOne პროგრამაში, შესაბამისად თქვენ ძალიან სწრაფად მიიღებთ უსაფრთხოების და სისტემურ განახლებებს, არ მოგიწევთ თვეების განმავლობაში და ხშირ შემთხვევაში ერთ წელზე მეტხანს ლოდინი იმისათვის, რომ მიიღოთ ახალი სისტემა ან უსაფრთხოების განახლებები.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც ამ სმარტფონს უფრო გამორჩეულს ხდის. Nokia 7 Plus ჩართულია Project Treble პროგრამაში, შესაბამისად ახალი სისტემის ჩაშვებიდან იმავე დღეს განახლდება თქვენი სმარტფონი. თუმცა ეს ყველაფერი არ არის! მაშინ, როდესაც Android P ვერსიის ოფიციალური განახლება ჯერ არ ჩაშვებულა და მხოლოდ Beta განახლებები ვრცელდება, თქვენ საშუალება გაქვთ Android P Beta განახლებაც დააგემოვნოთ სმარტფონის ყუთიდან ამოღებისთანავე. მსგავსი სიახლე კონკურენტ საშუალო კლასის სმარტფონებში არ გვხდება.

კამერა

 Nokia 7 Plus-ის კამერის მახასიათებლებმა და მისმა შედეგმა სასიამვნოდ გამაკვირვა. მაშინ, როდესაც სხვა მწარმოებლები ბიუჯეტურ კამერას იყენებენ საშუალო კლასის სმარტფონებში, Nokia-მ გამოიყენა ფლაგმანური კამერა, რაც თავისივე ფლაგმანურ სმარტფონში “8 Sirocco”-იც გვხდება და ყველასთვის კარგად ნაცნობ საუკეთესო კამერაფონში Google Pixel 2-ში.

სმარტფონის შემადგენლობაშია ორმაგი 12 მეგაპიქსელიანი Sony-ს კამერის სენსორი ZEISS ლინზებით, საიდანაც ერთი კამერა არის 1/2.55 დიუმის ზომის სენსორი 1.4 მიკრონის ზომის პიქსელებით, F1.75 დიაფრაგმიანი ლინზებით, 4K ვიდეოს გადაღებით და EIS(ელექტრონული) სტაბილიზაციით. მეორე კამერა წარმოდგენილია “ტელეფოტო” F2.6 დიაფრაგმიანი ლინზებით, რომელიც გამოიყენება პორტრეტების გადასაღებად და 2X ოპტიკური ზუმისთვის. წინა კამერად წარმოდგენილია 16 მეგაპიქსელიანი სენსორი F2.0 დიაფრაგმიანი ლინზებით და FHD რეზოლუციის ვიდეოს გადაღებით.

კამერის პარამეტრებიდან გვხდება პროფესიონალური რეჟიმიც, საიდანაც შეგეძლებათ სინათლის ჩამკეტის, ISO მგრძნობელობის, თეთრი ფერის ბალანსის და კონტრასტის მართვა.

გთავაზობთ რამდენიმე კამერის ტესტს, რომელიც შთაბეჭდილებას შეგიქმნით მის შესაძლებლობებზე.

ჩვეულებრივი დღის სინათლეზე გადაღებული ფოტო

იდეალური დეტალები გამოსახულებაზე და ფერების ზუსტი აღქმა, ყოველგვარი პარამეტრების ცვლის და დამუშავების გარეშე. მიღწეული შედეგი იდეალურია და რაც მთავარია არ საჭიროებს პროფესიონალურ დონეზე ცოდნას.

2X ოპტიკური ზუმის ტესტი

დაზუმების შემთხვევაში მოღრუბლულ ამინდშიც კი დეტალები არ იკარგება, ფერები ზუსტად არის აღქმული და ფოკუსიც ზუსტად არის გასწორებული.

დაბალი განათების პირობებში გადაღებული ფოტო

დაბალი განათების პირობებშიც გადაღებულ ფოტოზე დეტალები არ იქარგება და არააქვს ე.წ. ხმაური გამოსახულებას, რაც ხშირ შემთხვევაში გვხდება საშუალო კლასის სმარტფონებში.

“მაკრო” ფოტოს გადაღების ტესტი

როგორც ხედავთ, ფერები და დეტალები იდეალურად არის გადმოცემული. კამერის ახლოს მიტანითაც ობიექტზე ფოკუსი არ იკარგება და ფერებიც მკვეთრად არის გადმოცემული.

გთვაზაობთ რამდენიმე ფოტო გადაღების ტესტს სხვადასხვა სიტუაციების დროს, რომელიც თავად შეგიძლიათ შეაფასოთ.

100 პროცენტით დაკროპილი ღამის ფოტო

საღამოს საათებში გადაღებული ფოტო

დაბნელების საათებში გადაღებული ფოტო

ღამით გადაღებული ფოტო

წინა კამერით გადაღებული ფოტო

ვიდეო გადაღების ტესტი

 OZO აუდიოს ხმის ჩაწერის შესაძლებლობა ვიდეო გადაღების დროს ავტომატურად ირთვება და ხმა არ იკარგება, თქვენ შეგიძლიათ უკანა ან წინა ფონზე ხმის გათიშვა ვიდეოს გადაღების მომენტში, რაც საშუალებაც გაძლევთ ხმაურის დონე ვიდეო გადაღების დროს შეამციროთ. რაც შეეხება ვიდეო გადაღების ხარისხს, გარკვეული ბრენდის ფლაგმანური სერიის სმარტფონებსაც კი მარტივად გაუწევს კონკურენციას.

საბოლოო შეფასება

 იმის გათვალისწინებით, რომ სმარტფონის საბაზრო ღირებულება საშუალებას მოგცემთ მაღალი სტანდარტების მქონე სმარტფონი შეიძინოთ ხელმისაწვდომ ფასად და ფლაგმანური დონის სმარტფონისგან თითქმის არაფრით განსხვავდება! ვფიქრობ, რომ Nokia 7 Plus საუკეთესო არჩევანია კონკურენტი ბრენდის შესაბამისი კატეგორიის სმარტფონებს შორის(კონკურენტ სმარტფონებში მოისაზრება Huawei P20 Lite და Samsung Galaxy A8 2018). ოფიციალური საგარანტიო მომსახურეობის შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ Nokia-ს სმარტფონს უნდა ჰქონდეს Goletian-ის ჰოლოგრამა.

თეგები

ნოდარ სიხარულიძე

ჩემთვის მნიშვნელოვანია მკითხველს მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია და შევთავაზო საუკეთესო კონტენტი. ვცდილობ მაქსიმალურად სწრაფად და ხარისხიანად მოგაწოდოთ ინფორმაციები ტექნოლოგიური სამყაროდან და ამ მოტივაციის ყველაზე დიდი მიზეზი ისევ მკითხველის დიდი ინტერესია!

დაკავშირებული სტატიები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close