როგორ იცვლება საქართველოში წყლის რესურსების მართვა: ძველი და ახალი კანონების შედარება 

water_law

2026 წლის სექტემბრიდან საქართველოში წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალი კანონი ამოქმედდება, 1997 წელს მიღებული კანონი „წყლის შესახებ“ კი ძალადაკარგულად გამოცხადდება. ახალი კანონპროექტი, რომელიც წყლის რესურსების დაცვას და მდგრადი გამოყენების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, საქართველოს წყლის მართვის პოლიტიკას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებთან აახლოებს და შესაბამისობაშია ევროკავშირში დანერგილ პრინციპებთან. ამ ბლოგში განვიხილავთ, რა განსხვავებაა 1997 წლის „წყლის კანონსა“ და ახალ კანონს შორის. 

წყლის სააუზო მართვა 

1997 წლის „წყლის კანონისგან“ განსხვავებით, რომელიც წყლის რესურსების მართვას მათი ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით ახორციელებდა, ახალი კანონი წყლის სააუზო მართვის დანერგვას ითვალისწინებს. 

აქამდე ყველა მუნიციპალიტეტი საკუთარ ტერიტორიაზე არსებულ წყალზე იყო პასუხისმგებელი. მდინარეების შემთხვევაში ეს მოიცავს მხოლოდ იმ მონაკვეთს, რაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა განლაგებული. შედეგად, მდინარეები იმართებოდა ფრაგმენტულად, რაც თავისთავად არაეფექტიანი იყო.  

2026 წლის სექტემბრიდან წყლის რესურსების მართვას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სააუზო მართვის პრინციპების შესაბამისად განახორციელებს. 

Მდინარის აუზი შემაღლებული რელიეფით გამოყოფილი ტერიტორიაა, საიდანაც მდინარის სისტემა ჩამდინარე წყლებს იკრებს. მდინარის სააუზო უბანი ერთზე მეტი მოსაზღვრე აუზებისგან შედგება და ასევე მოიცავს ამ მდინარეებთან დაკავშირებულ მიწისქვეშა წყლებსა და სანაპირო წყლების გავრცელების არეალებს. სანაპირო წყლებში იგულისხმება ზღვის ნაპირიდან ზღვის მიმართულებით ერთი საზღვაო მილის მანძილზე არსებული წყლები. 

მდინარის აუზის თუ სააუზო უბნის მართვის გეგმა ეფუძნება არა ადმინისტრაციულ საზღვრებს, არამედ წყლის ობიექტის მართვას წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მდინარის აუზი თუ სააუზო უბანი იმართება როგორც ერთი მთლიანობა იმის მიუხედავად, რამდენი მუნიციპალიტეტისა თუ რეგიონის ტერიტორიას კვეთს იგი. 

საქართველოში მდინარეების სულ 7 სააუზო უბანია:  

  • ალაზანი-ივრის სააუზო უბანი 
  • მტკვარი-თერგის სააუზო უბანი 
  • ხრამი-დებედას სააუზო უბანი 
  • ენგურის სააუზო უბანი 
  • რიონის სააუზო უბანი 
  • ჭოროხი-აჭარისწყლის სააუზო უბანი 
  • ბზიფი-კოდორის აუზი 

2. გარემოსდაცვითი ხარჯის ცნება 

„წყლის კანონისგან“ განსხვავებით, ახალ კანონში შემოტანილია „გარემოსდაცვითი ხარჯის“ ცნება. ეს უკანასკნელი მოიცავს წყლის რაოდენობას, წყლის მოცულობის ცვალებადობას დროში, ხარისხსა და დონეს, რაც აუცილებელია მტკნარი წყლის ეკოსისტემის და მასზე დამოკიდებული ადამიანებისა და ეკოსისტემის საარსებო წყაროსა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. აქედან გამომდინარე, მდინარეში ყოველთვის უნდა დარჩეს წყლის ის მინიმალური რაოდენობა და უნდა შენარჩუნდეს ის ხარისხი, რაც აუცილებელია მისი ეკოსისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის.  

კანონის 29-ე მუხლი – „წყლის რესურსების დაცვის ძირითადი მოთხოვნები“, პირდაპირ კრძალავს მდინარიდან წყალაღებას ან მასზე ჰიდროტექნიკური, საწარმოო ან სარწყავი სისტემების მშენებლობას ამ პრინციპის გათვალისწინების გარეშე.  

ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა გაიცემა სააუზო მართვის გეგმისა და მდინარის გარემოსდაცვითი ხარჯის გათვალისწინებით. აღნიშნული ნებარვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ 2026 წლის 1 სექტემბრამდე გამოიცემა ტექნიკური რეგლამენტი. 

3. წყლის ხარისხის შეფასება 

1997 წლის “წყლის კანონი” წყლის ობიექტების კლასიფიცირებას მათი ჰიდროგრაფიული მახასიათებლების, მდებარეობის, სამეცნიერო, ესთეტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობის გათვალისწინებით ახდენდა და სტატუსს სახელმწიფო მნიშვნელობის მიხედვით ანიჭებდა. Განსაკუთრებული სახლემწიფო მნიშვნელობა 22 მდინარეს ჰქონდა მინიჭებული, მათ შორის მტკვარს, სახელმწიფო მნიშვნელობა კი 67 მდინარეს. 

ახალი კანონი წყლის ობიექტებს ეკოლოგიური სტატუსის, ქიმიური სტატუსისა და ეკოლოგიური პოტენციალის მიხედვით აფასებს. კლასიფიკაციის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს წყლის რაოდენობრივი, ბიოლოგიური, ჰიდრომორფოლოგიური და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები, მიწისქვეშა წყლის ობიექტის შემთხვევაში კი – გეოლოგიურ-ჰიდროლოგიური, წყლის რაოდენობრივი, ფიზიკურ-ქიმიური და ხარისხობრივი მაჩვენებლები. ასეთი დეტალური ანალიზი საშუალებას იძლევა, დროულად გამოვლინდეს გამოწვევები და დაიგეგმოს ღონისძიებები წყლის ეკოსისტემების დასაცავად ან აღსადგენად. 

შემდეგ ბლოგში გაგაცნობთ მაგალითებს, თუ როგორ კლასიფიცირდება ერთი და იგივე მდინარეები სახელმწიფო მნიშვნელობის და ეკოლოგიური სტატუსის მიხედვით და რა უპირატესობა აქვს წყლის ობიექტების ფიზიკური მახასიათებლების მიხედვით კლასიფიცირებას. 

4. ფიზიკური და იურიდიული პირების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში 

1997 წლის კანონი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს წყლის დაცვის საქმიანობაში მონაწილეობის და ინფორმაციის მიღების უფლებას აძლევდა. ახალი კანონი ამ ყველაფერთან ერთად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სუბიექტების თანამშრომლობას უზრუნველყოფს. 

კანონის მუხლი 25-ის მიხედვით, საზოგადოებას უფლება აქვს, მდინარის აუზის ან სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავებაში მიიღოს მონაწილეობა. საბოლოო პროექტის განხილვის მიზნით კი იქმნება სამინისტროსთან არსებული სათათბირო ორგანოები – საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოები. ისინი დაკომპლექტდება სამინისტროს და სხვა კომპეტენტური უწყებების თანამშრომლებით, ასევე მუნიციპალიტეტების და ისეთი კომპანიების წარმომადგენლებით, რომლებიც განსახილველ ტერიტორიაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ წყლის რესურსებზე. მათ შორის წყალმომარაგების და ჰიდროენერგოგენერაციის კომპანიები, მსხვილი წყალმომხმარებლები, წყალმომხმარებლების ასოციაციები და ა.შ. საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. Საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესის თაობაზე უნდა გამოიცეს ტექნიკური რეგლამენტი. 

5. გამკაცრებული მონიტორინგი 

1997 წლის კანონისგან განსხვავებით, ახალ კანონში ჩნდება კონკრეტული მონიტორინგის და პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს სპეციალური წყალსარგებლობის პირობებს, წყალსარგებლობის ნებართვის გაცემის, შეჩერებისა და გაუქმების წესებს, მოქმედების ვადას და დარღვევაზე რეაგირებას. 

შესაბამისად, კანონი ბიზნესებს გარკვეულ პასუხისმგებლობებს აკისრებს, რაც მოიცავს მონაცემთა მიწოდებას, ასევე წყლის გაწმენდის და მდგრადი მოხმარების ტექნოლოგიური გადაწყვეტების დანერგვას.  

საბოლოოდ, ახალი კანონის მიღებით ქვეყანა ადმინისტრაციული სისტემიდან გადადის წყლის ინტეგრირებულ, მდგრად მართვაზე. ერთი მხრივ ეს სახელმწიფოს და ბიზნესებს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს, მეორე მხრივ კი როგორც ახლანდელი, ასევე მომავალი თაობებისთვის ქვეყნის წყლის უსაფრთხო რესურსების, უნიკალური ბიომრავალფეროვნებისა და ეკოტურიზმის პოტენციალის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. 

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წყლის რესურსების მართვის სექტორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა კანონმდებლობის აღსრულების დეფიციტია. მიუხედავად იმისა, რომ წყლის კანონი გამწმენდი ნაგებობების და მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფას ავალდებულებს, ბევრი კომპანია მოხმარებულ ბინძურ წყალს მდინარეებში უშვებს, მათი დამუშავების გარეშე. უმეტეს შემთხვევაში ასეთი შემთხვევები სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების გარეშე რჩება, ან რეაქცია იმდენად არაპროპორციულია, რომ აღნიშნული კომპანიები უპრობლემოდ აგრძელებენ გარემოს დაბინძურებას. აქედან გამომდინარე, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობა, რაც ახალ კანონს ძველისგან განასხვავებს, აღსრულების ნების გარეშე დარჩება ფორმალობად.