
მე-20 საუკუნემდე დაავადებები, რომლებიც წყალში ვრცელდება, ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილი იყო და სიკვდილის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი. ბევრი ფიქრობდა, რომ წყლის კარგი გემო მის სისუფთავეს ნიშნავდა, თუმცა სინამდვილეში, ყველაზე გემრიელ წყალშიც შეიძლება იყოს დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმები. ამ პერიოდში დაიწყო სასმელი წყლის მარაგების დეზინფექცია, მასში არსებულ ვირუსების, ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმების მოსაშორებლად.
წყლის დეზინფექცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია მისი გაუსნებოვნებისთვის და მომხმარებლების ისეთი ინფექციური დაავადებებისგან დასაცავად, როგორებიცაა ქოლერა, მუცლის ტიფი და სხვა. ამის მიუხედავად, დეზინფექციას თავისი უარყოფითი მხარეც აქვს და ჯანმრთელობის გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. ამ ბლოგში მოგიყვებით, თუ რატომ და რა ხერხები არსებობს ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად.
დეზინფექცია წყლის დამუშავების სადგურებში ხდება და მხოლოდ ამის შემდეგ ნაწილდება იგი წყლის სადისტრიბუციო სისტემაში. მომხმარებლებისთვის მიწოდებული წყალი მუდმივად უნდა იყოს დაცული სადეზინფექციო ნივთიერებებით, რათა მასში პათოგენების გაუვნებლება და მათი გამრავლებისგან დაცვა ნებისმიერ პირობებში იყოს უზრუნველყოფილი. ამიტომ, წყლის სისტემებში აუცილებელია ისეთი სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება, როგორიცაა ქლორი, ან ქლორამინი, რომელიც ქლორისა და ამიაკის შერევით მიიღება.
ქლორისა და ქლორამინის გარდა, წყლის დეზინფექციისთვის არაერთი საშუალება არსებობს, რომლებიც ასევე ეფექტიანად უმკლავდებიან დაავადებების გამომწვევ მიკროორგანიზმებს. მათ შორისაა ოზონი, ქლორის დიოქსიდი და ულტრაიისფერი დასხივება. წყლის სისტემებს თავიანთი მახასიათებლები აქვს, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას დეზინფექციის მეთოდის არჩევის დროს.
როგორ ჩნდება წყალში დეზინფექციის გვერდითი პროდუქტები?
ულტრაიისფერი დასხივების გარდა, დეზინფექციის სხვა მეთოდების გამოყენების დროს წყალში გვერდითი პროდუქტები წარმოიქმნება, რაც, თავის მხრივ, გარკვეულ რისკებს შეიცავს.
ზემოთ ჩამოთვლილი სადეზინფექციო ქიმიური ნაერთები წყალში არსებულ ნივთიერებებთან შედის რეაქციაში. ეს უკანასკნელი ისეთი პროცესების შედეგად ჩნდება, როგორებიცაა ფოთლების ან პესტიციდების დაშლა. დამატებით, წყალში ხშირად ხვდება ინდუსტრიული ნარჩენები, ფარმაცევტული ნივთიერებები, პლასტიფიკატორები და ა.შ. სადეზინფექციო ნაერთების და წყალში არსებული ნივთიერებების რეაქციაში შესვლის შედეგად დეზინფექციის გვერდითი პროდუქტები წარმოიქმნება. ქლორით დეზინფექციის გვერდითი პროდუქტები ორ მთავარ ჯგუფად იყოფა:
- ტრიჰალომეთანები (ქლოროფორმი, ბრომოფორმი, ბრომოდიქლორმეთანი და დიბრომოქლორმეთანი)
- ჰალოგენძმარმჟავები (მონოქლორო-, დიქლორო-, ტრიქლორო-, მონობრომო- და დიბრომო- მჟავები).
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროდუქტები კარგად შესწავლილი არაა და, სავარაუდოდ, ჯერ მათი ნახევარიც არაა აღმოჩენილი.
გვერდითი პროდუქტების კონცენტრაცია სასმელ წყალში ყოველდღიურად იცვლება და დამოკიდებულია სეზონზე, წყლის ტემპერატურაზე, დამატებული სადეზინფექციო შენაერთების რაოდენობაზე, წყალში არსებულ ნივთიერებებსა და სხვა მრავალ ფაქტორზე. მეტიც, რაც უფრო დიდ ხანს რჩება წყალი დისტრიბუციის სისტემაში, მით უფრო მეტი დრო აქვს სადეზინფექციო ქიმიურ შენაერთებს, წყალში არსებულ ნივთიერებებთან შევიდეს რეაქციაში და მეტი გვერდითი პროდუქტი წარმოქმნას.
ჯანმრთელობის რისკები: რა უნდა ვიცოდეთ
დეზინფექციისთვის გამოყენებული ქიმიური შენაერთებისა და წყალში არსებული ნივთიერებების რეაქციაში შესვლით წარმოქმნილი გვერდითი პროდუქტები ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის გარკვეულ საფრთხეებს. ეს ეხება არამხოლოდ სასმელ წყალს, ასევე ნებისმიერ წყალს, რომელთანაც ადამიანი ფიზიკურ კონტაქტში შედის, იქნება ეს აბაზანის თუ აუზის წყალი, ასევე ონკანის წყლით მომზადებული საკვები და ა.შ.
2020 წლის კვლევამ პოტენციურად კარცეროგენული ქიმიური ნივთიერებები აღმოჩაინა, რომლებიც ქლორისა და წყალში არსებული ნივთიერებების რეაქციაში შესვლით წარმოიქმნება. მათ შორისაა არამხოლოდ ორგანული ნაერთები, ასევე ადამიანის საქმიანობის შედეგად წყალში მოხვედრილი კომპონენტები, როგორებიცაა ფენოლები და სხვა პლასტიფიკატორები, მზისგან დამცავი საშუალებების ნაერთები და ანტიმიკრობული ნივთიერებები.
აღსანიშნავია, რომ დეზინფექციის გვერდითი პროდუქტები, ქლორთან შედარებით, ნაკლები რაოდენობით წარმოიქმნება სხვა ნაერთების გამოყენებისას. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მათი ჯანმრთელობაზე გრძელვადიანი გავლენა კარგად შესწავლილი არაა. მოსალოდნელია, რომ ამ შენაერთებმაც შეიძლება წარმოქმნას გვერდითი პროდუქტები, რომლებიც ჯერ არ აღმოუჩენიათ და რომლებიც ასევე შეიძლება საზიანო იყოს ჯანმრთელობისთვის.
მაგალითად, 2024 წლის კვლევის ფარგლებში აქამდე უცნობი გვერდითი პროდუქტი – ქლორონიტრამიდის ანიონი აღმოჩნდა იმ სისტემაში, რომელიც დეზინფექციისთვის ქლორამინს იყენებდა. ამ გვერდითი პროდუქტის ტოქსიკური ეფექტები ჯერ ცნობილი არაა, თუმცა მისი ქიმიური სტრუქტურა მიანიშნებს, რომ შესაძლოა, სხვა გვერდითი პროდუქტების მსგავსად, ისიც გარკვეული რისკების შემცველი იყოს.
ასე რომ, ერთ მხარეს დაავადების გამომწვევი პათოგენებია, რომლებიც შეიძლება ლეტალურიც იყოს, მეორე მხარეს კი გრძელვადიანი ეფექტის მქონე დაბალი რისკები, რომლებიც წყალში დეზინფექციის გვერდითი პროდუქტების არსებობას უკავშირდება. ამ ორს შორის ბალანსის პოვნა კი დღეს, მოსახლეობის ზრდის, კლიმატის ცვლილებისა და ჩამდინარე წყლების სუფთა წყალში შერევის ტენდენციის ფონზე, საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა, გამოსავალი არსებობს.
როგორ დავიცვათ თავი არსებული რისკებისგან?
არსებობს სტრატეგიები, რომლებიც გარკვეულწილად მაინც შეამცირებს სასმელ წყალში დეზინფექციის გვერდითი პროდუქტების კონცენტრაციას:
ერთ-ერთი მათგანი წყლის მაქსიმალურად გაფილტვრაა იქამდე, სანამ დეზინფექციაზე მიდგება საქმე, მეორე კი ქლორით დეზინფექციამდე წყლის ორგანული ნაერთებისგან გათავისუფლებაა.
ასე რომ, წყლის დეზინფექცია და მისი გვერდითი პროდუქტების შემცირება რთული, მაგრამ გადაჭრადი ამოცანაა. გამოსავალი პრევენციულ მიდგომებში და კვალიფიციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებშია, რაც მოიცავს
- წყლის რესურსების დაცვას დაბინძურების პირველწყაროსგან
- ფილტრაციის სისტემების გაუმჯობესებას
- დეზინფექციის მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვას
- რეგულარული ონლაინ და ლაბორატორიულ მონიტორინგს
- ფილტრაციის სისტემების გაუმჯობესებას კვალიფიციური საინჟინრო კომპანიების ჩართულობით.
რეგულარული მონიტორინგისთვის მნიშვნელოვანია წყლის ანალიტიკის სანდო ხელსაწყოების გამოყენება, რომლებიც სანდო შედეგებს და ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს. ამ მიმართულებით მსოფლიოში უპირობო ლიდერია კომპანია HACH, რომელიც წყლის ქიმიური ანალიზის აღჭურვილობას აწარმოებს, მათ შორის:
- ქლორის ანალიზატორები, რომლებიც წყალში ქლორის დონის განსაზღვრისთვის გამოიყენება.
- BioTector ონლაინ ანალიზატორები უწყვეტად ზომავს წყალში სრული ორგანული ნახშირბადის კონცენტრაციას, რათა იქამდე მოხდეს ამ მაჩვენებლის შემცირება, სანამ ქლორი შევა მასთან რეაქციაში.
- UVAS plus ულტრაიისფერი სენსორი რეაგენტების გარეშე უზრუნველყოფს წყალში გახსნილი ორგანული ნივთიერებების რაოდენობის გაზომვას. მოწყობილობა წყლის დამუშავების პროცესების მაღალი ორგანული დატვირთვისგან დასაცავად გამოიყენება.
- წყლის ქიმიური გაწმენდის შემდეგ მასში არსებული ორგანული ნაერთების მონიტორინგის მიზნით გამოიყენება სიმღვრივის საზომი პორტატიული მოწყობილობები – დაბალი სიმღვრივე იმაზე მიანიშნებს, რომ ამ ნაერთების დიდი ნაწილი, რაც სხვა შემთხვევაში დეზინფექციის პროდუქტებთან შევიდოდა რეაქციაში, დაილექა.
- ქლორით დეზინფექციამდე გამოიყენება გააქტიურებული ნახშირბადის კატრიჯი, რომელიც წყლიდან ორგანულ ნივთიერებებს აშორებს.
ტექნოლოგიური პროგრესი და წყლის ხარისხის ეფექტიანი ტექნოლოგიური პროცესებისა და მართვის სისტემების დანერგვა კი გვაძლევს იმედს, რომ უსაფრთხო და სუფთა წყლის გლობალური ხელმისაწვდომობა არც ისე შორი პერსპექტივაა.