
2018 წელს კეიპტაუნში ნულოვანი დღე უნდა დამდგარიყო – დრო, როდესაც თანამედროვე ისტორიაში პირველად, ქალაქის წყლის მარაგი სრულად ამოიწურებოდა და 4 მილიონზე მეტი ადამიანი უწყლოდ დარჩებოდა. თუმცა, ქალაქი კაპიტულაციის ნაცვლად უპრეცედენტო მობილიზაციით დაუპირისპირდა კატასტროფას. კეიპტაუნის მთავრობამ საინფორმაციო კამპანიებით, ტარიფების ცვლილებით თუ საინჟინრო გადაწყვეტების ინტეგრირებით მოახერხა ის, რომ მრავალი სირთულის და წინააღმდეგობების მიუხედავად ქალაქი წყლის რიგებში დგომას გადაარჩინა.
კეიპტაუნში საჯარო წყლის მოხმარების დაახლოებით 80% საყოფაცხოვრებო მოხმარებაზე მოდის. ქალაქი წყლის რესურსების უდიდეს ნაწილს წყალსაცავებიდან იღებს, რომლებიც მაისიდან აგვისტომდე – წვიმების სეზონის დროს ივსება.
2015 წელს წყალსაცავებში წყლის დონემ კლება იწყო – კლიმატის ცვლილებამ ნალექიანობის მოდელები შეცვალა და რეგიონი კრიტიკულ ზღვარზე დააყენა. მიყოლებით ორი მშრალი სეზონის შემდეგ, 2017 წელს, გვალვის შესახებ განგაშის ზარი შემოჰკრეს – 2018 წელს კეიპტაუნში “ნულოვანი დღე” უნდა დამდგარიყო და ქალაქს ონკანები უნდა ჩაეკეტა.
კრიზისის დროს კეიპტაუნის წყალსაცავები საშუალოდ 28%-მდე იყო შევსებული. “ნულოვან დღეს” წყალსაცავებში წყლის დონეს 13.5%-ისთვის უნდა მიეღწია, რომლის დაწევის შემდეგ წყლის მოპოვება განსაკუთრებით გართულდებოდა, შესაბამისად, ცენტრალური წყალმომარაგება შეწყდებოდა და მაცხოვრებლებს წყლის რიგებში მოუწევდათ დგომა.
კეიპტაუნის პასუხი ამ გამოწვევაზე მრავალმხრივი იყო:
- მომხმარებლებისთვის დაწესდა შეზღუდვები
- გაიზარდა ტარიფები
- დაიწყო მილებში წყლის ნაკადისა და წნევის ზუსტი აღრიცხვა და დეტალური ოპტიმიზაცია
- შემუშავდა და დაინერგა წყლის მარაგების შევსების საგანგებო სქემები
ტერმინი “ნულოვანი დღე” ქალაქის წყლის დაზოგვის კამპანიის სლოგანად იქცა.
შეზღუდვები პირველად 2016 წელს შემოიღეს და 2018 წლამდე ეტაპობრივად მკაცრდებოდა. აღნიშნული ეხებოდა მანქანის გარეცხვას, აბაზანის მიღებას, საცურაო აუზის ავსებას და ა.შ.
თუ თავდაპირველად წყლის საშუალო მოხმარება 1 დღეში 1 ადამიანზე 140 ლიტრი იყო, 2018 წელს ქალაქმა ეს მაჩვენებელი 50 ლ-მდე შეზღუდა. 2019 წლის ნოემბერში წყლის მოხმარებამ მოიმატა, მაგრამ დღეში 650 მილიონ ლიტრზე შეჩერდა. შედარებისთვის, გვალვამდე ქალაქი დღეში 1200 – 1500 მილიონ ლიტრ წყალს მოიხმარდა.
ეკონომიკური ბერკეტები
ქალაქში წყლის ტარიფების 7 დონე არსებობს, სადაც მე-2 დონეზე ნორმალური ტარიფებია, წყალსაცავებში წყლის დონის კლებასთან ერთად კი ტარიფები უფრო მაღალ დონეზე გადადის. Მე-7 დონე ნულოვანი დღის შესაბამისი ტარიფია, როდესაც საჯარო წყალმომარაგება იკეტება.
2017 წლის თებერვალში, წყლის კრიზისის დროს მდგომარეობამ ესკალაცია განიცადა და მე-3-დან მე-6 დონეზე ავიდა 2018 წლის თებერვალში. საშუალო ფენის მომხმარებლებში 2015 წლის მარტიდან 2018 წლის მარტამდე წყლის საშუალო ფასი 230%-ით გაიზარდა, მოხმარების მკვეთრი შემცირების მიუხედავად, ყველაზე მაღალი მოხმარების ბლოკში კი 2000%-ით.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წყლის მოხმარების ფასი ეფუძნებოდა მზარდ ბლოკურ ტარიფს, რომელიც გათვლილია როგორც ფიქსირებულ, ისე ცვლადი ხარჯების დასაფარად. ბლოკური ტარიფი ფასწარმოქმნის სტრუქტურაა, სადაც წყლის ერთეულის ფასი მოხმარებული წყლის მოცულობის ზრდასთან ერთად იმატებს. იგი მიზნად ისახავს როგორც წყლის დაზოგვის წახალისებას, ასევე ჯვარედინ სუბსიდირებას შეძლებული ოჯახებიდან (რომლებიც, სავარაუდოდ, მეტს მოიხმარენ) ნაკლებად შეძლებული ოჯახების სასარგებლოდ.
საზოგადოების მობილიზაცია
წყლის მოხმარების შესამცირებლად განხორციელდა აქტიური საინფორმაციო კამპანიები, რომლის ფარგლებშიც გავრცელდა ონლაინ გზამკვლევი წყლის დაზოგვის შესახებ.
მოსახლეობა აბაზანის ნაცვლად შხაპის გამოყენებაზე გადავიდა, ბაღის მოსარწყავად კი საყოფაცხოვრებო მეორადი წყლისა და წვიმის წყლის შეგროვება დაიწყეს. რესურსების დაზოგვის გარდა, ამ მიდგომამ დაკისრებული წყლის გადასახადებიც შეამცირა. აღსანიშნავია, რომ 2015-2018 წლებში მკვეთრად გაიზარდა წყლის ტარიფებიც.
კრიზისის გადასაჭრელად სხვა ინიციატივებიც განხორციელდა:
- გამოქვეყნდა წყლის რესურსების მონიტორინგის პლატფორმა, რომელზეც წყლის მოხმარების მაჩვენებელი და წყალსაცავში არსებული წყლის დონის შესახებ ინფორმაცია ყოველკვირეულად ახლდებოდა.
- ჩაეშვა „watermap“ რუკა, სადაც თითოეული სახლი, წყლის მოხმარების დონის შესაბამისად, სხვადასხვა ფერით იყო მონიშნული. აქედან გამომდინარე ჩაერთო სოციალური ზეწოლის ფაქტორი იმ მოსახლეებზე, ვინც წყალს ჭარბად მოიხმარდნენ.
- გზატკეცილებზე დაემატა ელექტრონული ნიშნები, რომელიც აჩვენებდა, თუ რამდენი დღე იყო დარჩენილი „ნულოვან დღემდე“.
- ბიზნესებმა დაიწყეს მომხმარებლების წახალისება წყლის დაზოგვის მიზნით. მაგალითად, სასტუმროებმა აბაზანის საცობები მოაშორეს, შესაბამისად სტუმრებისთვის აბაზანის ავსება შეუძლებელი გახდა. დამატებით, სასტუმროს თანამშრომლები მათ მოუწოდებდნენ, მხოლოდ 1-2 წუთიანი შხაპი მიეღოთ.
მოსახლეობის მხრიდან მკაფიო რეაგირება მოჰყვა “წყლის კრიტიკული დეფიციტის კატასტროფის გეგმის” გამოქვეყნებას, რომელიც 2017 წელს გამოიცა. გეგმა ითვალისწინებდა წყლის მარაგის ამოწურვის რისკს, სასმელი წყლის სპეციალურ პუნქტებში შეზღუდული განაწილების შესაძლებლობას და არაფორმალურ მჭიდრო დასახლებებში ხანძრების გაჩენისა და დაავადებების გავრცელების რისკებს. თუ აქამდე შეზღუდვების დაწესებას წყლის მოხმარების ზრდა მოჰყვა, გეგმის გამოქვეყნებამ პანიკა გამოიწვია და მოსახლეობამ საპასუხოდ გამოქვეყნებული რჩევების გათვალისწინება დაიწყო.
სხვადასხვა ჩარევის ეფექტს გარემოსდაცვითი და ეკონომიკის კვლევითი ერთეულის მკვლევრები აკვირდებოდნენ. მათი თქმით, რთულია იმის გარკვევა, რომელი ნაბიჯი იყო ყველაზე ქმედითი, რადგან ისინი ან ერთდროულად, ან მცირე ინტერვალებით ხორცილედებოდა. თუმცა, ქცევითი ცვლილებები სახეზეა.
საინჟინრო გადაწყვეტები
კრიზისმა ბიძგი მისცა საინჟინრო ინიციატივებს:
- საგანგებოდ დამონტაჟდა წყლის გამტკნარების ტექნიკური გადაწყვეტები (უკუოსმოსის სისტემები) (საიტი მზად რომ გვექნება, ჩვენი უკუოსმოსის სისტემებზე ლინკის გაკეთება შეგვიძლია)
- გაუმჯობესდა დამუშავებული ჩამდინარე წყლის ხელახალი გამოყენების სქემები, რამაც ტექნიკური წყლის მოპოვების ალტერნატიული გზები შექმნა
- ქალაქში დამონტაჟდა წნევის ავტომატური რეგულატორები, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა წყლის გაჟონვები და მილების გახეთქვის შემთხვევები
- მოხდა ღრმა ფენებში არსებული წყლების ათვისება და მათი ქალაქის საერთო სისტემაში ინტეგრირება.
- მოხდა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სრული გამრიცხველიანება ელექტრო მაგნიტური მრიცხველებით. პარალელურად დამონტაჟდა მილებში წნევის კონტროლის ინსტრუმენტები.
სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთმა უდიდესმა კორპორაციამ – Old Mutual-მა, კრიზისის საპასუხოდ საკუთარი წყლის ფილტრაციის სისტემა შექმნა, რომელმაც კომპანიას საშუალება მისცა, წყალმომარაგების ცენტრალური ქსელიდან სრულად გამოსულიყო. შესაბამისად, მუნიციპალურ ქსელზე დატვირთვა შემცირდა.
Old Mutual – ჩამდინარე წყლის სასმელ წყლად გარდაქმნის სისტემის შექმნას და ექსპლუატაციაში გაშვებას 1 წელზე ნაკლები დასჭირდა, ამ დროს კი კომპანიის თანამშრომლებს, რომლებიც ერთ კამპუსში მუშაობენ (9000 ადამიანი) წყლის მოხმარება უკვე 30%-ით ჰქონდათ შემცირებული. ახლა კამპუსში წყლის დაახლოებით 75% ხელახლა გამოიყენება ან მუშავდება, დანარჩენი კი სისტემაში იკარგება.
Რა გვასწავლა კეიპტაუნის მაგალითმა
საზოგადოების ყველა სექტორის, ქალაქის ადმინისტრაციისა და ბიზნესის უპრეცედენტო ძალისხმევით, 2018 წლის თებერვალში მდგომარეობამ გაუმჯობესება დაიწყო და ნოლოვანმა დღემ ივლისამდე გადაიწია, ივლისში კი, წვიმების სეზონის დროს, წყალსაცავები შეივსო და ეს დღე საერთოდ გაუქმდა.
საბოლოოდ, კეიპტაუნის კრიზისი გამაფრთხილებელი სიგნალი იყო მთელი მსოფლიოსთვის, რომ კლიმატის ცვლილება და წყლის რესურსების შემცირება არა დისტოპიური მომავლის სცენარი, არამედ არსებული რეალობაა. ამ მაგალითიდან კი მთავარი გაკვეთილები ვისწავლეთ:
- კლიმატის მიმართ მდგრადობა: არსებითად მნიშვნელოვანია, რომ წყლის რესურსების მართვის გეგმა ითვალისწინებდეს კლიმატის ცვლილების პროგნოზებს.
- სრული გამჭვირვალობა: როდესაც მოსახლეობას ზუსტი ინფორმაცია აქვს წყლის რაოდენობის და არსებული მდგომარეობის შესახებ, პასუხისმგებლობის გრძნობა მკვეთრად იზრდება;
- კოლექტიური ძალისხმევა: ქალაქმა დაამტკიცა, რომ ინიდივიდუალური ქცევების შეცვლას 4 მილიონიან ქალაქში რეალური შედეგის გამოღება შეუძლია.