საერთაშორისო და გერმანული სტანდარტების გზამკვლევი წყლის ნაკადის, ანალიტიკისა და ხარისხის საზომი მოწყობილობების მწარმოებლებისთვის

DIN/EN/ISO

შესავალი

ახალი წყლის კანონი საქართველოში 2026 წლის სექტემბრიდან შედის ძალაში, რომელიც საფუძველს უყრის ქვეყნის წყლის პოლიტიკის ჰარმონიზაციას საუკეთესო საერთაშორისო და ევროკავშირის პრაქტიკებთან. კანონპროექტის აღსრულება პირდაპირაა დამოკიდებული იმ ტექნიკურ რეგლამენტებზე, რომლებიც I სექტემბრამდე უნდა ამუშავდეს და რომლებიც ასევე შესაბამისობაში უნდა იყოს საერთაშორისო პრაქტიკებთან. ახალი კანონი შეეხება:

  1. სასმელი წყლის ხარისხს
  2. ჩამდინარე წყლების მართვას
  3. სახელმწიფოს მიერ წყლის რესურსების აღრიცხვას.

ახალი წყლის კანონი მოიცავს მრავლობით სტანდარტებს და მეთოდოლოგიებს, რაზე დაფუძნებითაც ხდება წყლის ხარისხის და აღრიცხვის მეთოდოლოგიების შედგენა და მათი ვერიფიკაცია. ისინი უზრუნველყოფენ გაზომვის სიზუსტეს, მოწყობილობების ჰიგიენურ და ფუნქციურ უსაფრთხოებას და მონაცემთა სანდოობას.

ამ ბლოგის მიზანი სწორედ ამ სტანდარტების განხილვა გერმანიის მაგალითზე – ქვეყნის, რომელიც წყლის რესურსების მდგრადი მართვისა და ტექნოლოგიური სტანდარტიზაციის გლობალური ლიდერია. მისი მიზანია, გაგაცნოთ ეროვნულ კანონმდებლობაში ISO/EN სტანდარტების ინტეგრირების მზა ჩარჩო.

ბლოგი განკუთვნილია როგორც კანონმდებლებისა და მარეგულირებელი ორგანოებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის, რათა შეიქმნას საერთო ტექნიკური ენა ახალი რეგლამენტების ეფექტური იმპლემენტაციისთვის.

სტანდარტების მოკლე მიმოხილვა:

  1. უსაფრთხოების სტანდარტები
  2. მონაცემების სანდოობა
  3. მოწყობილობების ფუნქციური უსაფრთხოება
  4. გარემოსდაცვითი მონიტორინგის სტანდარტები
  5. წყლის ანალიტიკა
  6. მართვის ზოგადი სტანდარტები

უსაფრთხოების სტანდარტები

KTW/DVGW/W270 სერტიფიკატები , რომლებიც გერმანიის კანონმდებლობითაა მოთხოვნილი, ისინი უზრუნველყოფს, რომ მოწყობილობაში გამოყენებული მასალები უსაფრთხო იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და არ ცვლიდეს სასმელი წყლის თვისებებს.

  • KTW – გერმანიის პლასტმასის მასალებისა და სასმელი წყლის სტანდარტი, გერმანიის გარემოსდაცვითი სააგენტოს (UBA) სახელმღძვანელო მითითებებია, რომელიც სასმელ წყალთან კონტაქტში მყოფი მასალების ქიმიურ უსაფრთხოებას ამოწმებს.
  • DVGW-ის (გერმანიის ბუნებრივი აირისა და წყლის ასოციაცია) სერტიფიკატი ადასტურებს მოწყობილობის შესაბამისობას ყველა ტექნიკურ და ჰიგიენურ მოთხოვნასთან.
  • W270 სერტიფიკატი ადასტურებს, რომ მოწყობილობის ზედაპირზე მიკროორგანიზმების გამრავლება მინიმუმამდეა შემცირებული.

გერმანიის სასმელი წყლის დადგენილების – TrinkwV-ის მე-14 მუხლის შესაბამისად, წყლის მრიცხველების მასალები უნდა აკმაყოფილებდეს ამ მოთხოვნებს, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ მოწყობილობა წყალმომარაგების სისტემაში ბაქტერიულ დაბინძურებას არ შეუწყობს ხელს.

DVGW-ის ტექნიკური წესები უკავშირდება და ეყრდნობა DIN EN ISO 4064 სტანდარტს და აღნიშნავს, რომ წყლის მრიცხველები MessEG-ის, გაზომვისა და კალიბრაციის შესახებ გერმანიის ფედერალური კანონის დამოწმების მოთხოვნებს ექვემდებარება. (DIN EN ISO აბრევიატურები იმაზე მიგვითითებს, რომ დოკუმენტი ერთდროულად სამივე – საერთაშორისო (ISO), ევროპისა(EN) და გერმანიის(DIN) დონეზეა მიღებული).

მონაცემების სანდოობა

კომერციული აღრიცხვისა და საკანონმდებლო მეტროლოგიისთვის, MessEG-ის ტექნიკურ და სამართლებრივ მოთხოვნას წარმოადგენს წყლის მრიცხველების MID MI-001 და OIML R49 სტანდარტებთან შესაბამისობა. ეს უზრუნველყოფს მოწყობილობის სიზუსტესა და სტაბილურობას, რაც აუცილებელი პირობაა გერმანიაში წყლის მოხმარების ლეგალური აღრიცხვისთვის.

MID არის ევროკავშირის „საზომი ხელსაწყოების დირექტივა“, ოფიციალური ნომრით 2014/32/EU, OIML კი საკანონმდებლო მეტროლოგიის საერთაშორისო ორგანიზაციაა.

OIML R49 სასმელი წყლის მრიცხველების უმთავრესი საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც მეტროლოგიურ და ტექნიკურ მოთხოვნებს განსაზღვრავს და რომელიც ISO 4064-1-ის ეკვივალენტურად მიიჩნევა. ეს მოთხოვნები მოწმდება ევროკავშირის საზომი ხელსაწყოების დირექტივის, MID-ის შესაბამისად, ამ შემთხვევაში MI-001 მოდულით.

მოწყობილობების MID-ის მოთხოვნებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს გერმანიის ეროვნული მეტროლოგიური ინსტიტუტის – PTB-ის შესაბამისობის შეფასების მომსახურება.

ევროპის საკანონმდებლო მეტროლოგიის ორგანიზაციის, WELMEC-ის სახელმძღვანელოს მიხედვით, ISO 9001 ხარისხის სტანდარტთან შესაბამისობა ქმნის პირობას, რომ მწარმოებლის ხარისხის სისტემა MID-ის მოთხოვნებთან თანხვედრაშია.

აღსანიშნავია ISO/IEC 17025 სტანდარტიც, რომელიც საკალიბრაციო ლაბორატორიების კომპეტენტურობის მოთხოვნებს ადგენს. ეს არის სპეციფიკური ხარისხის ნიშანი ზუსტი გაზომვებისთვის.

ISO/IEC 17025 აკრედიტაციის მქონე საკალიბრაციო ლაბორატორიების გამოყენება უზრუნველყოფს ამ კომპანიის მრიცხველების PTB მიკვლევადობას, რაც B2B მუნიციპალური ტენდერებისთვის მთავარი სავაჭრო უპირატესობაა.

ფუნქციური უსაფრთხოება

SIL 2/3 (IEC 61508) სტანდარტი ადასტურებს, რომ მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიულ და მუნიციპალურ გარემოში კომპანია ფუნქციური უსაფრთხოებისა და კრიტიკული პროცესების მართვისადმი ერთგული რჩება.

SIL (უსაფრთხოების ინტეგრაციის დონე) ეფუძნება IEC 61508 ტექნიკურ სტანდარტს (და მის ანალოგს პროცესების ინდუსტრიისთვის – IEC 61511), რომელიც ელექტრონული, ელექტროტექნიკური და პროგრამირებადი ელექტროუნლი უსაფრთხოების სისტემების ფუნქციურ უსაფრთხოებას არეგულირებს.

კომპანიები თავიანთი პროდუქციის SIL-სერტიფიცირებულ ვარიანტებს აწარმოებენ იმ პროცესებისთვის, სადაც მოწყობილობის გაუმართაობამ, შესაძლოა, გარემოს მნიშვნელოვანი დაბინძურება გამოიწვიოს ან ადამიანის სიცოცხლეს შეუქმნას საფრთხე.

SIL 2/3 რეიტინგები, როგორც წესი, გვხვდება იმ ხელსაწყოებში, რომლებიც განკუთვნილია ხარჯის, დონის, წნევისა და ტემპერატურის გასაზომად. გერმანული ტენდერებისთვის ან უსაფრთხოებისთვის-კრიტიკული პროექტებისთვის მომხმარებლებმა უნდა მიუთითონ ზუსტი SIL სერტიფიცირებული ვარიანტი და ნაწილის ნომერი.

მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის, SIL-სერტიფიცირებული მოწყობილობები ხშირად გამოიყენება ATEX/IECEx სერტიფიკატებთან ერთად, რომლებიც სამრეწველო და ჩამდინარე წყლების სექტორში ინსტრუმენტების გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს.

ეს სერტიფიკატები ისეთი პროცესების მონიტორინგისთვისაა, სადაც სახიფათო ნივთიერებებმა ან საკანალიზაციო აირებმა შეიძლება ფეთქებადსაშიში გარემო შექმნას. ATEX/IECEx-თან შესაბამისობა მოდელსა და კონფიგურაციაზეა დამოკიდებული.

გარემოსდაცვითი მონიტორინგი

UBA-ისა და ტექნიკური ზედამხედველობის ასოციაციის (TÜV) მოთხოვნებთან შესაბამისობა ნიშნავს ავტომატური საზომი სისტემების ვარგისიანობის მკაცრ ტესტირებას. მონიტორინგის სერტიფიცირების სქემის – MCERTS-ის სერტიფიკატი კი ადასტურებს წყლის უწყვეტი, ონლაინ მონიტორინგის მოწყობილობების სანდოობას ინდუსტრიულ და მუნიციპალურ ჩამდინარე წყლებში გამოსაყენებლად.

ამ სტანდარტებთან შესაბამისობა სავალდებულოა და ინტეგრირებულია გერმანიის კანონმდებლობაში,(AbwV), რაც ჩამდინარე წყლების მონიტორინგის სამართლებრივი საფუძველია.

დამატებით, TÜV/UBA სპეციფიკურად მოთხოვნილია იმ სისტემებისთვის, რომლებიც გარემოსდაცვით ორგანოებთან ავტომატურ ანგარიშგებას ახორციელებენ. იგი ადასტურებს, რომ ავტომატური სისტემები უზრუნველყოფს გაზომვებს, რომლებიც DIN/ISO სტანდარტების შესაბამისი ხელით გაზომვის მეთოდების ეკვივალენტურია.

მსოფლიოს მეტროლოგიური ორგანიზაციის (WMO) No. 8 სტანდარტი (მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის სახელმძღვანელო ხელსაწყოებისა და დაკვირვების მეთოდების შესახებ) არის გარემოსდაცვითი მონიტორინგის გლობალური ტექნიკური საფუძველი.

WMO No.8 სტანდარტი სენსორების მეთოდოლოგიასა და ტექნიკურ სპეციფიკაციებს განსაზღვრავს, რაც აუცილებელია გრძელვადიანი კლიმატისა და გარემოს ტენდენციების ანალიზისთვის. აღნიშნული ჰიდროლოგიასა და მეტეოროლოგიაში თანმიმდევრული და მაღალხარისხიანი მონაცემების მიღების გარანტიაა.

საველე პირობებში WMO-ს დაკვირვების მეთოდებთან გრძელვადიანი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ეს ხელსაწყოები, როგორც წესი, ფლობენ IP68 რეიტინგს, რაც მათი წყალში ხანგრძლივი შეუფერხებელი მუშაობის გარანტიას იძლევა.

რაც შეეხება ISO 748-ს, ეს არის ჰიდრომეტრიის ტექნიკური სტანდარტი, რომელიც ღია არხებში სითხის ნაკადის გაზომვას არეგულირებს.

WMO No.8-ისა და ISO 748-ის  სტანდარტების ინტეგრირება გერმანიის მარეგულირებელ გარემოში ხდება LAWA-Pegelvorschrift (წყლის დონის გაზომვის ინსტრუქციების) მეშვეობით. LAWA-ს ინსტრუქციები განსაზღვრავს მონაცემთა ხარისხს, რომელიც სავალდებულოა ფედერალური და რეგიონული მონიტორინგის ქსელებისთვის.

აღნიშნული სტანდარტების ფლობა  იმის დასტურია, რომ ამ კომპანიების სენსორები აკმაყოფილებს მაღალი სიზუსტის კლასებს – როგორც წესი, < 0.05% Full Scale (FS) ცდომილებით, რაც გერმანიის ოფიციალური ჰიდრომეტრიული აღრიცხვისთვისაა აუცილებელი.

გერმანიის სახელმწიფო უწყებების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, კომპანიებმა თავიანთი მონაცემების მიღება, კალიბრაცია და სტანდარტული ოპერაციული პროცედურები უნდა შეუსაბამონ ISO/DIN სტანდრტებს, რომლებშიც ISO 748 ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.

წყლის ანალიტიკა

სიმღვრივე

EN ISO 7027 სტანდარტი არის სიმღვრივის გაზომვის ძირითადი ტექნიკურ ნორმა, რომელიც უზრუნველყოფს ანალიტიკური მოწყობილობების შესაბამისობას გერმანიის სასმელი წყლის მკაცრ სამართლებრივ მოთხოვნებთან.

TrinkwV-ის მე-5 დანართის თანახმად, „ტექნოლოგიის საყოველთაოდ აღიარებულ წესებთან“ (a.a.R.d.T.) შესაბამისობა იურიდიულად ნაგულისხმევია, თუ DIN EN ISO 7027 სტანდარტია დაცული.

სასმელი წყლის ხარისხის მუნიციპალურ ტენდერებში კომპანია ვალდებულია წარადგინოს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ხელსაწყო EN ISO 7027 სტანდარტს შეესაბამება.

სენსორული პარამეტრები – ფერი, სუნი, გემო

გერმანიაში ეს პარამეტრები რეგულირდება TrinkwV-ით, მათი შეფასების მეთოდოლოგია კი საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება: ფერი – ISO 7887, გემო – ISO 3972, სუნი კი – ISO 13301.

ანიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები და ნავთობპროდუქტები

ეს ნივთიერებები, რომლებიც სასმელი წყლის შემთხვევაში ასევეა გათვალისწინებული TrinkwV-ში, საერთაშორისო დონეზე ISO 6107 და ISO 13357 სტანდარტებით რეგულირდება შესაბამისად.

სრული ორგანული ნახშირბადი (TOC)

EN 1484 ძირითადი ტექნიკური და იურიდიული სტანდარტია TOC-ის განსაზღვრისთვის.

TrinkwV მე-5 დანართში პირდაპირ არის მითითებული DIN EN 1484 სტანდარტი, რომლის დაცვა სამართლებრივად ნიშნავს, რომ TOC გაზომვის მეთოდი ავტომატურად მიიჩნევა კანონთან შესაბამისად.

მართვის ზოგადი სტანდარტები

ISO 9001, 14001, 45001 მართვის სტანდარტები ქმნის საერთო ფუნდამენტურ ჩარჩო-სისტემას მათ შორის იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც წყლის რესურსების მართვაში მონაწილეობენ. ისინი უზრუნველყოფენ საკანონმდებლო მეტროლოგიის მოთხოვნების შესრულებასა და გერმანული ბაზრისთვის მზადყოფნის სტატუსს.

  • ISO 9001 – ხარისხის მართვის სტანდარტი. იგი განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს, დაინერგოს, შენარჩუნდეს და მუდმივად გაუმჯობესდეს ხარისხის მართვის სისტემა (QMS). საკანონმდებლო მეტროლოგიის მიმართულებით (MessEG) იგი ტექნიკურად მნიშვნელოვანია MID-ის D ან H1 მოდულებთან შესაბამისობისთვის. WELMEC სახელმძღვანელოს მიხედვით, ISO 9001-ის ფლობა აღნიშნულ მოდულებთან შესაბამისობის პრეზუფციას ქმნის.
  • ISO 14001 – გარემოსდაცვითი მართვის სტანდარტი, რაც გარემოსდაცვით პრობლემებთან სტრატეგიული მიდგომისთვის გამოიყენება. იგი გარემოსდაცვითი მართვის სისტემებისთვის განსაზღვრავს კრიტერიუმებს.
  • ISO 45001 – შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სტანდარტების ფლაგმანი, რომელიც სამუშაო ადგილზე რისკების შემცირებასა და უსაფრთხო სამუშაო პირობებს უზრუნველყოფს.

ISO 9001, 14001 და 45001 სტანდარტები კომპანიებს ავალდებულებს, ტექნიკური ინოვაციების სტაბილურ და აუდიტირებულ კორპორაციულ გარემოში შეიმუშავონ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სერტიფიკატების ფლობა TrinkwV-ის სავალდებულო მოთხოვნა არაა, ისინი ქვეყანაში ბიზნეს საქმიანობის საწარმოებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამ მართვის სტანდარტების ფლობა გერმანული სამთავრობო უწყებებისა და კომუნალური კომპანიებისთვის მომწოდებლის მაღალკვალიფიციურობის ნიშანს წარმოადგენს.

ეს სტანდარტები ქმნის ორგანიზაციულ ჩარჩოს ტექნიკური შესაბამისობისთვის ისეთ მკაცრ ნორმებთან, როგორებიცაა EN ISO 7027 და EN 1484. მათი ფლობით კომპანია ადასტურებს, რომ მისი პროდუქცია და კალიბრაციის სერვისები (<0.05% FS სიზუსტით) სრულად თავსებადია AbwV და TrinkwV გარემოსთან.

დასკვნა

ზემოაღნიშნული სტანდარტები და რეგულაციები შემდეგნაირად შეიძლება დაჯგუფდეს:

Article content

ვინაიდან წყლის ახალი კანონი ევროკავშირის პრაქტიკებთან ჰარმონიზაციით შეიქმნა, 2026 წლის I სექტემბრამდე გამოსაცემი ტექნიკური რეგლამენტები, სავარაუდოდ, აღნიშნულ პრაქტიკებთან იქნება შესაბამისობაში. ეს ცვლილება არამხოლოდ გამოწვევა, ასევე შესაძლებლობაა ქართული კომპანიებისთვის, უზრუნველყონ წყლის რესურსების მდგრადი მართვა და მაქსიმალურად შეამცირონ გარემოზე მიყენებული ზიანი.

VORTEX Water Engineering, რომელიც მსოფლიოს წამყვან წყლის საინჟინრო კომპანიებთან თანამშრომლობს, ამ ტექნოლოგიებს წლებია წარმატებით ნერგავს. კომპანია უზრუნველყოფს წყლის დამუშავებისა და ანალიტიკის სისტემების დიზაინს, მონტაჟს, ექსპლუატაციაში გაშვებას, კალიბრაციას, ვერიფიკაციას და შემდგომ მომსახურებას, რაც HACH-ის, KROHNE-ის, In-Situ-ის, Nijhuis Saur Industries-ის, VEOLIA-ს და სხვა პარტნიორების ინჟინრებთან თანამშრომლობით კეთდება.