ევროკავშირში სასმელ წყალში PFAS-ის მონიტორინგი სავალდებულო გახდა

ევროპის გარემოსდაცვითი სააგენტოს ცნობით, 2026 წლის 12 იანვრიდან ევროკავშირის სასმელი წყლის განახლებული დირექტივის საფუძველზე (Directive (EU) 2020/2184), ძალაში შევიდა PFAS-ის მონიტორინგი სასმელ წყალში.

PFAS-ები- პერ- და პოლიფტორალკილური ნივთიერებები ხელოვნური ქიმიური ნაერთების ჯგუფია, რომლებიც წყლის, ცხიმისა და ლაქებისადმი მდგრადობის გამო გამოიყენება ისეთ პროდუქტებში, როგორებიცაა სამზარეულოს ტაფები, წყალგამძლე ტანსაცმელი და ხანძარსაწინააღმდეგო ქაფები. ეს ნაერთები ბუნებრივად არ იშლება და გროვდება გარემოში, რამაც შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობას შეუქმნას საფრთხე. PFAS უკავშირდება სხვადასხვა ტიპის სიმსივნის, რეპროდუქციული და განვითარების პრობლემების გაზრდილ რისკს და ადამიანის იმუნურ სისტემას, ღვიძლსა ფარისებრ ჯირკვალს უქმნის საფრთხეს.

ახალი სტანდარტები და ვალდებულებები

PFAS-ის მუდმივი მონიტორინგი სასმელ წყალში ამ ნაერთების პრევენციისა და მათგან დაცვის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

დირექტივის თანახმად, წევრმა სახელმწიფოებმა ჰარმონიზებულად უნდა განახორციელონ სასმელ წყალში PFAS-ის მონიტორინგი, რათა EU-ს ახალ ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობა უზრუნველყონ.

ახალი ვალდებულების მიხედვით:

  • ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ PFAS-ის მონიტორინგი და შეამცირონ მისი დონე იქ, სადაც ზღვრული მაჩვენებელი გადაჭარბებულია (PFAS ნაერთების ჯამური კონცენტრაციის დასაშვები ნორმა – 0.50  µg/l-ია, შერჩეული 20 ძირითადი PFAS ნაერთის ჯამის დასაშვები ნორმა კი – 0.10 µg/l).
  • მოქალაქეებისთვის მკაფიო და გამჭვირვალე უნდა იყოს ინფორმაცია წყლის ხარისხის შესახებ;
  • წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აღრიცხონ მონაცემები სასმელ წყალში PFAS-ის შემცველობის შესახებ და გადაუგზავნონ ევროკომისიას, რაც მთელ ევროკავშირში ამ ნაერთების პრევენციისა და მათგან დაცვის მიზანმიმართული, თანმიმდევრული ქმედებების ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს.

განახლებული დირექტივით PFAS-ის მონიტორინგი მოიცავს წყალშემკრები აუზების რისკების შეფასებას, წყალმომარაგების ქსელისა და წყლის დამუშავების ეტაპების კონტროლსაც.

იმ შემთხვევაში, თუ სასმელ წყალში PFAS-ის შემცველობა ზღვრულად დასაშვებ ნორმას აჭარბებს, წევრი სახელმწიფო ვალდებულია, მიიღოს ზომები აღნიშნულის შესამცირებლად და უზრუნველყოს მოსახლეობის ინფორმირება მათი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. მისაღები ზომები შეიძლება მოიცავდეს დაბინძურებული ჭების დახურვას, PFAS-ის შესამცირებლად წყლის დამუშავების დამატებითი ეტაპების განხორციელებას, ან სასმელი წყლის მარაგების გამოყენების შეზღუდვას იქამდე, სანამ ამ ნაერთების დონე ზღვარს არ ჩამოცდება.

ეს პირდაპირ უწყობს ხელს 2025 წლის ივნისში მიღებული „წყლის მდგრადობის სტრატეგიის“ (European Water Resilience Strategy) ძირითადი მიზნის – უსაფრთხო წყალზე უფლების უზრუნველყოფას (Right2Water).

2024 წელს, შემდგომში PFAS-ის მუდმივი მონიტორინგის მხარდასაჭერად, გამოქვეყნდა ტექნიკური სახელმძღვანელო მითითებები (Technical guidelines regarding methods of analysis for monitoring of per- and polyfluoroalkyl substances (PFAS) in water intended for human consumption) სასმელ წყალში სრული PFAS-ისა და PFAS-ების ჯამის გაზომვის ანალიტიკურ მეთოდების შესახებ.

დამატებითი სიახლეები დირექტივაში

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დირექტივაში დაემატა სხვა კრიტიკული ნივთიერებებიც და გამკაცრდა წყალში და წყალთან კონტაქტში მყოფ მასალებში შემდეგი ნივთიერებების შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმები:

  • ტყვია – ზღვარი განახევრდა და არის 10 µg/l, 2036 წლიდან კი 5 µg/l გახდება;
  • ბისფენოლ A – ეს პარამეტრი აქამდე დირექტივაში გათვალისწინებული არ იყო. Ზღვარი – 2.5 µg/l;
  • ქლორატი – ზღვარი – 0.25 mg/l;
  • ქლორიტი – ზღვარი – 0.25 mg/l;
  • ჰალოძმარმჟავები (HAAs) – ზღვარი – 60 µg/l;
  • ურანი – ზღვარი – 30 µg/l;
  • მიკროციტინი – ზღვარი – 1.0 µg/l.

აქამდე თუ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებს ცალ-ცალკე ჰქონდათ საკუთარი სიები იმ ნივთიერებების, რომელთა გამოყენება დაშვებული იყო წყლის მილების ან ავზების დასამზადებლად, განახლებული დირექტივის მუხლი 11-ის თანახმად, ეს სიები ჩანაცვლება საერთო სიით. შესაბამისად, ნებისმიერი მასალა, რომელიც სასმელ წყალთან იქნება კონტაქტში, მხოლოდ ამ სიებში შეტანილ ნივთიერებებს უნდა შეიცავდეს. 2027 წლის იანვრიდან ყველა ასეთ პროდუქტს დასჭირდება შესაბამისობის ევროპული დეკლარაცია.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შიდა მილგაყვანილობაში ლეგიონელას  (ლეგიონელოზის გამომწვევი ბაქტერია) კონტროლსა და ტყვიის შემცველობას.

ყველა სიკეთესთან ერთად, დოკუმენტი წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, შეაფასონ წყლის დანაკარგები და, იმ შემთხვევაში, თუ წყლის გაჟონვის დონე აჭარბებს დადგენილ ზღვარს (Sustainable Economic Level of Leakage), განახორციელოს სამოქმედო გეგმა აღნიშნულის შესამცირებლად.

სასმელი წყლის განახლებული დირექტივა 2020 წელს მიიღეს, წევრ სახელმწიფოებს კი მისი ეროვნულ კანონმდებლობაში ინტეგრირება 2023 წლის იანვრამდე უნდა მოეხდინათ.

დირექტივა უზრუნველყოფს უფრო უსაფრთხო წვდომას წყალზე მთელი ევროპის მასშტაბით და სასმელი წყლის წამყვანი სტანდარტების დანერგვას, რომელებიც შესაბამისობაშია „ნულოვანი დაბინძურების სამოქმედო გეგმასთან“(Zero Pollution Action Plan) და „წყლის მდგრადობის სტრატეგიასთან“ (Water Resilience Strategy). Პირველი მათგანი 2030 წლისთვის წყლის პესტიციდებითა და საკვები ნივთიერებების დაბინძურების 50%-ით შემცირებას ისახავს მიზნად, მეორე კი,  წყლის ციკლის აღდგენასა და დაცვას, ასევე წყლის მიმართ გონივრული პრაქტიკების დანერგვას ითვალისწინებს.

საბოლოოდ, საქართველო, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ეტაპობრივად ახდენს კანონმდებლობაში ევროკავშირის დირექტივების ინტეგრაციას, თუმცა PFAS-ის მონიტორინგი მათ შორის არ არის.