
2025 წლის 1 იანვარს ევროკავშირის 2024/3019 დირექტივა ოფიციალურად შევიდა ძალაში. აღნიშნული, რომელმაც 1991 წლის ჩარჩო ჩაანაცვლა, ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდის დირექტივის განახლებული ვერსიაა. იგი არა უბრალოდ რეგულაციების წყებაა, არამედ გზამკვლევი წყლის სექტორში ნულოვანი დაბინძურებისა და კლიმატ-ნეიტრალურობის მისაღწევად 2015 წლის პარიზის შეთანხმების შესაბამისად. ახალ გამოწვევასთან ერთად, დირექტივა წარმოადგენს ევროკავშირში საინჟინრო კომპანიებისა და მუნიციპალიტეტებისთვის ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობასაც.
რადიკალური ცვლილება წყლის ციკლის მართვაში
შეცვლილი დირექტივა იმ ხარვეზებს პასუხობს, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ევროკავშირში ურბანული ჩამდინარე წყლების მართვის მიმართულებით არსებობდა. 1991 წლის ვერსია ძირითადად წყლის ორგანული ნივთიერებებისა და ნუტრიენტებისგან გაწმენდაზე იყო ორიენტირებული, ახალი დირექტივის მოქმედების სფერო კი უფრო ფართოა – იგი მიკროდამაბინძურებლებისგან გაწმენდას, ენერგონეიტრალიტეტის მიღწევასა და ურბანული ჩამდინარე წყლების ჩაშვების მართვას მოიცავს. მისი მიზანი 2050 წლისთვის გარემოს ტოქსიკური ნივთიერებებისგან გათავისუფლებაა.
მომავალი ათწლეულების განმავლობაში ევროკავშირში საინჟინრო პროექტები სწორედ ამ ცვლილებების გათვალისწინებით განხორციელდება. დირექტივასთან შესაბამისობისთვის მუნიციპალიტეტებმა და სახელმწიფო უწყებებმაც უნდა უზრუნველყონ აღნიშნული ცვლილებების ინტეგრირება ურბანული ჩამდინარე წყლების გეგმაში.
ძირითადი ცვლილებები დირექტივაში
1. მეოთხე ეტაპის გაწმენდის დანერგვა
ტრადიციული გამწმენდი ნაგებობები ორგანული ნივთიერებების (მეორე ეტაპის) და ნუტრიენტების (მესამე ეტაპის) მოცილებაზეა ორიენტირებული, მაგალითად ფოსფორისა და აზოტის. ახალ დირექტივაში გამკაცრდა ამ ორი ნივთიერების კონცენტრაციების ზღვრებიც.
| პარამეტრი / პირობა | არსებული ზღვრები (წყარო) | ახალი ზღვრები (2024/3019) (წყარო) |
| საერთო ფოსფორი: 2 000 – 30 000 მ3/დღე | 2 მგ/ლ | 0.7 მგ/ლ |
| საერთო ფოსფორი: > 30 000 მ3/დღე | 1 მგ/ლ | 0.5 მგ/ლ |
| საერთო აზოტი: 2 000 – 30 000 მ3/დღე | 15 მგ/ლ | 10 მგ/ლ |
| საერთო აზოტი: > 30 000 მ3/დღე | 10 მგ/ლ | 8 მგ/ლ |
თუმცა, გამორჩეული სიახლე ის არის, რომ დირექტივა სავალდებულოს ხდის დამატებით მიკროდამაბინძურებლებისგან გაწმენდასაც, რაც მოიცავს ფარმაცევტულ ნარჩენებს, კოსმეტიკურ საშუალებებსა და მიკროპლასტმასს.
აღნიშნული ნივთიერებები ორ კატეგორიად იყოფა:
- კატეგორია 1 – ადვილად მოსაცილებელი ნივთიერებები, მოიცავს ამისუპრიდს, კაბამაზეპინს, დიკლოფენაკს და ა.შ.
- კატეგორია 2 – რთულად მოსაცილებელი ნივთიერებები, მოიცავს ბენზოტრიაზოლს, კანდესარტანს და ა.შ.
ტექნიკური მოთხოვნა: მუდმივად უნდა მოწმდებოდეს მინიმუმ 6 ნივთიერების კონცენტრაცია (პირველი კატეგორიიდან ორჯერ მეტი, ვიდრე მეორედან) იმის დასადასტურებლად, რომ მეოთხე გაწმენდის ეტაპი ასრულებს თავის ფუნქციას.
მეოთხე ეტაპის დანერგვის მოთხოვნა ეხება ყველა დიდი ზომის ნაგებობას (>30 000 მ3/დღე) და ბევრ საშუალო ზომის ნაგებობას (2 000 – 30 000 მ3 სენსიტიურ ზონებში), რომლებიც მათი რისკების შეფასების საფუძველზე შეირჩევა.
დირექტივის მუხლი 8 ასევე ამტკიცებს გამწმენდი სისტემის ეფექტურობის კონკრეტულ სტანდარტს დამაბინძურებლების შემცირებისთვის, დანართი 1-ის მიხედვით კი ნაგებობამ მეოთხე ეტაპის გაწმენდის დროს დამაბინძურებლების მინიმუმ 80%-ის მოცილება უნდა უზრუნველყოს.
მიკროდამაბინძურებლების მოცილების ერთ-ერთი მეთოდია ულტრა და ნანო ფილტრაციის ტექნოლოგიები, რომელთა ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური მწარმოებელია კომპანია PENTAIR, თავისი მოწინავე სისტემით X-Flow.
რაც შეეხება ორგანული ნივთიერებების, აზოტისა და ფოსფორის მონიტორინგს, ინდუსტრიულ სტანდარტს წარმოადგენს HACH-ის ონლაინ და ლაბორატორიული მოწყობილობები, მაგალითად:
- სპექტროფოტომეტრი DR3900 – მნიშვნელოვანია ფოსფორისა და აზოტის ახალი ზღვრების დასაცავად;
- NP6000sc Phosphate Analyser – ფოსფორის ონლაინ მონიტორინგისთვის
- UVAS plus sc – ორგანული ნივთიერებების მონიტორინგისთვის
- EZ1102sc Colorimetric Analyser – ამონიუმის, ნიტრატების, ნიტრიტების, სრული ფოსფატი, ფოსფატი;
- BioTector (TIC/TOC, TC, VOC BOD/COD კორელაციის შემდეგ, TN & TP) – უნივერსალური მოწყობილობა ორგანიკის და ნუტრიენტებისთვის.
2. ენერგონეიტრალიტეტი – ნარჩენების გარდაქმნა ენერგიის წყაროდ
ჩამდინარე წყლების სექტორი ამჟამად ევროკავშირის სათბური აირების მთლიანი ემისიის დაახლოებით 0.8%-ზეა პასუხისმგებელი. ახალი დირექტივა სექტორს ავალდებულებს, 2045 წლისთვის მიაღწიოს ენერგონეიტრალიტეტს – გამწმენდმა ნაგებობამ უზრუნველყოს სულ მცირე იმდენივე ენერგიის წარმოება, რამდენსაც მოიხმარს.
ამისთვის ნაგებობებს დასჭირდებათ ენერგოეფექტიანობის მკვეთრი გაუმჯობესება და ადგილზე განახლებადი ენერგიის წარმოება, იქნება ეს ლამის გადამუშავებით ბიოაირის მიღება, კოლექტორებიდან სითბოს აღდგენა თუ მზის/ქარის ენერგიის გენერაცია.
დირექტივის მოთხოვნების შესასრულებლად, რაც ევროკავშირის ქვეყნებში რეგულარული აუდიტით შემოწმდება, გამწმენდი ნაგებობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება ენერგიის მართვის ISO 50001 სტანდარტის დანერგვა. ამავდროულად, საინჟინრო კომპანიებს ისეთი სისტემების დაპროექტება მოუწევთ, რომლებიც არამხოლოდ წყლის გაწმენდაზე, ასევე ბიოაირის წარმოებაზე (EN 12176) და თბური ენერგიის აღდგენაზე იქნება ორიენტირებული.
რესურსების აღდგენისთვის და გარემოსდაცვით სტანდარტებთან შესაბამისობისთვის კომპანიები Nijhuis Saur Industries და VEOLIA წარმოადგენენ მსოფლიო ლიდერ ტექნოლოგიურ ჰაბებს.
ჩამდინარე წყლების გადატუმბვის პროცესში მოსახმარი ელექტრო ენერგიის შესამცირებლად გამორჩეულია კომპანია Jung Pumpen-ის ტუმბოები, მაგალითად MultiCut და MultiStream series.

KROHNE-ის WATERFLUX ელექტრომაგნიტური მრიცხველების საშუალებით შესაძლებელია მაქსიმალური სიზუსტით განისაზღვროს წყლის ნაკადი და მოხმარებული წყლის რაოდენობა. მოწყობილობა ისეთ კრიტიკულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, როგორებიცაა MI-001 (MID), OIML R49 და ISO 4064.

3. „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპი და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება
აღნიშნული ცვლილებებით ევროკავშირი მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს ფინანსური ტვირთის განაწილების მიმართულებით. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ახალი სქემა ფარმაცევტულ და კოსმეტიკურ კომპანიებს ავალდებულებს, დაფარონ მეოთხე ეტაპის გაწმენდის ხარჯების სულ მცირე 80%.
შესაბამისად, დამაბინძურებლების მწარმოებელი თავადვე იქნება პასუხისმგებელი მათ მოცილებაზე, რაც ფინანსურ ტვირთს შეუმსუბუქებს როგორც გადასახადის გადამხდელებს, ასევე წყალმომარაგების კომპანიებს.
4. ორიენტირი პატარა ზომის დასახლებებზე
თუ ადრე მხოლოდ დიდ ქალაქებს ეხებოდა გარკვეული რეგულაციები, ახლა აღნიშნულმა პატარა დასახლებებიც მოიცვა. წყლის შეგროვებისა და გაწმენდის სისტემების სავალდებულო ზღვარი 400 მ3-დან 200 მ3-მდე შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირში ათასობით შედარებით პატარა დასახლებას 2035 წლისთვის ინფრასტრუქტურის განახლება, კანალიზაციის სისტემების გამართვა და მეორე ეტაპის (ბიოლოგიური წმენდა / ნუტრიენტების შემცირება) დანერგვა მოუწევს.
დამატებით, დირექტივა დიდ ქალაქებს „ურბანული ჩამდინარე წყლების მართვის ინტეგრირებული გეგმის“ შემუშავებას ავალდებულებს. ეს უკანასკნელი სანიაღვრე წყლების გადმოღვრის აღმოფხვრას ისახავს მიზნად, რაც ძლიერი წვიმების დროს დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევია. გეგმები ბუნებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტებს უნდა ითვალისწინებდეს, როგორებიცაა მწვანე სახურავები, გამტარი ტროტუარები და ა.შ.
შედარებით მცირე ზომის დასახლებებისთვის კომპანია ATB Water-ის AQUAMAX® (DIN EN 12566-3) წარმოადგენს ევროპაში ყველაზე გავრცელებულ მოწყობილობას, რომლის წყალობით მცირე ზომის გამწმენდი ნაგებობები იდეალურად უმკლავდება მაღალი დატვირთვის მერყეობას.
5. საერთო ჯანმრთელობისა და PFAS-ის მონიტორინგი
COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის დროს მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, დირექტივა სავალდებულოს ხდის ჩამდინარე წყლებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პარამეტრების (ვირუსები და ანტიმიკრობული რეზისტენტობის მარკერები) მონიტორინგს.
დირექტივაში ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა „მარადიული ქიმიური ნივთიერებების“ – PFAS-ის კონტროლს. ამ მიმართულებით იგი თანხვედრაშია ევროკავშირის სასმელი წყლის დირექტივასთან – 2020/2184. PFAS-ის მონიტორინგი სავალდებულოა არამხოლოდ დიდი ზომის, ასევე 2 000 მ3-ის ზომის ნაგებობებისთვის, რომლებიც სენსიტიურ ზონებში უშვებენ წყალს.
აღსანიშნავია, რომ ევროკომისია ამჟამად მუშაობს ჰარმონიზებულ პროტოკოლებზე ჩამდინარე წყლებში PFAS-ების კონცენტრაციის გასაზომად, რაც, სავარაუდოდ, 2027 წლისთვის იქნება მზად.
მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებების განხორციელების საბოლოო ვადა 2045 წლამდე გრძელდება, საწყისი მნიშვნელოვანი ეტაპები, მათ შორის დირექტივის ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვა და მეოთხე ეტაპის გაწმენდის პირველი სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა უნდა მოხდეს 2027 და 2033 წლებში.
In-Situ Inc. უზრუნველყოფს PFAS-ისგან გაწმენდის პროცესის რეალურ დროში მონიტორინგს. Aqua TROLL ზონდები აკვირდება წყლის ძირითად პარამეტრებს, რათა დადასტურდეს PFAS-ის მოცილების პროცესის ეფექტურობა, ხოლო VuLink ტელემეტრიისა და HydroVu სერვისების საშუალებით შესაძლებელია დისტანციური ობიექტის მონაცემების მყისიერი გადამოწმება მობილური ტელეფონით და კომპიუტერით.
ძირითადი სტანდარტები, რაც ევროკავშირში საინჟინრო სტრატეგიას განსაზღვრავს
1. ISO 16075 – ოქროს სტანდარტი წყლის ხელახალი გამოყენებისთვის
ვინაიდან ახალი დირექტივა ხელს უწყობს “წყლის ცირკულარულ ეკონომიკას”, ბევრი გამწმენდი ნაგებობა ორიენტირებული იქნება გაწმენდილი წყლის ხელახალ გამოყენებაზე, კონკრეტულად სარწყავად ან სამრეწველო მიზნებისთვის სისტემებისთვის.
- ISO 16075-ის (ნაწილები 1-3) – სახელმძღვანელო მითითებები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი პროექტისთვის, რომელიც წყლის ხელახალ გამოყენებას ისახავს მიზნად. ისინი განსაზღვრავს წყლის ხარისხის კრიტერიუმებს, რისკების მართვასა და გაწმენდის იმ ეტაპებს, რომლებიც აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისა და ნიადაგის სტრუქტურის დასაცავად.
- ინტეგრაცია EU 2020/741 რეგულაციასთან – ეს სტანდარტი მჭიდრო კავშირშია ევროკავშირის წყლის ხელახალი გამოყენების რეგულაციასთან (EU 2020/741), რომელიც ადგენს მკაცრ კატეგორიებს (A-D) რეცირკულირებული წყლისთვის, მისი გამოყენების დანიშნულების მიხედვით.
2. EN 12255 – დიზაინი და ინჟინერია
ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების დამატებითი ეტაპების დიზაინის და ინჟინერიისთვის EN 12255 სერია რჩება ევროპული საინჟინრო საქმიანობის საყრდენად. იგი ადგენს ზოგად საინჟინრო მოთხოვნებს, დაწყებული დიზაინისა და მშენებლობის საფუძვლებიდან, დასრულებული კონკრეტული ტექნოლოგიური პროცესებით, როგორებიცაა მექანიკური გაწმენდა, ბიოლოგიური ფილტრაცია და ლამის მართვა. რაც მნიშვნელოვანია, იგი მოიცავს ფიზიკო-ქიმიურ პროცესებს, რაც საფუძვლად დაედება მესამე და მეოთხე ეტაპის გაწმენდის ახალ განახლებას.
დასკვნა
ევროკავშირის დირექტივა 2024/3019 ჩამდინარე წყლების გამწმენდ სადგურებს „რესურსების აღდგენის ცენტრებად“ გარდაქმნის, რაც ქმნის გარემოზე ზრუნვის ახალ სტანდარტს და ამავე დროს მოითხოვს ახალ ცოდნასა და ტექნოლოგიებს.
2026 წლის I სექტემბერს ძალაში შედის საქართველოს კანონი წყლის რესურსების შესახებ – შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტები განსაზღვრავს, თუ რა სტანდარტების დაკმაყოფილება იქნება საჭირო ადგილობრივ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ კანონის ახალი ვერსია ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციით შეიქმნა, მოსალოდნელია რომ ახლო მომავალში გამოსაცემი ტექნიკური რეგლამენტებიც ახალ დირექტივასთან იქნება შესაბამისობაში. აქედან გამომდინარე, დირექტივის მოთხოვნების დაკმაყოფილება წყლის კანონთან შესაბამისობის გარანტი უნდა გახდეს.