ზედაპირული წყლის ობიექტებში ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობების ტექნიკური რეგლამენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავალდებულებს, მოახდინოს აგლომერაციების იდენტიფიცირება მდინარის აუზის ან სააუზო უბნის დონეზე და დაყოს ორ კატეგორიად: აგლომერაციები, რომელთა მოსახლეობის ეკვივალენტი
ა) 2 000 – 10 000-ია
ბ) 10 000-ზე მეტია
ეს კატეგორიზაცია საფუძვლად უდევს იმას, თუ რომელი აგლომერაცია რა დონის შემგროვებელი სისტემითა და გაწმენდის სტანდარტით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
საკანალიზაციო სისტემები
სენსიტიურ არეალებში ჩამდინარე წყლების ჩაშვების შემთხვევაში, ბ ტიპის აგლომერაციებისთვის აუცილებლად უნდა მოეწყოს საკანალიზაციო სისტემა. თუმცა, თუ საკანალიზაციო სისტემის მოწყობა დაკავშირებულია განსაკუთრებულ ტექნიკურ სირთულეებთან და/ან მოითხოვს განსაკუთრებით დიდ ხარჯებს და შესაბამისად მისი მოწყობა გამართლებული არაა, მაშინ აუცილებელია ინდივიდუალური ან სხვა ისეთი სისტემების გამოყენება, რომლებიც გარემოს დაცვის იმავე დონეს უზრუნველყოფენ.
იმ შემთხვევაში კი, თუ საკანალიზაციო სისტემის მოწყობა გამართლებულია, სისტემების პროექტირება, მშენებლობა და ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც გარემოს დაცვის შესახებ კანონის თანახმად, არის გარემოსდაცვითი თვალსაზრისით საუკეთესო, გამოყენებადი და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი ტექნოლოგია, რომელიც ყველაზე ეფექტიანია გარემოზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, მინიმუმამდე შესამცირებლად ან გარდასაქმნელად. დამატებით, მოწყობისას გათვალისწინებული უნდა იქნას: ურბანული ჩამდინარე წყლების მოცულობა და მახასიათებლები, გაჟონვის თავიდან აცილება და შეგროვებული წყლების ჭარბი წვიმის წყლით დაბინძურების შეზღუდვა.
მეორადი გაწმენდა
პირველადი გაწმენდის შემდეგ, ბ ტიპის აგლომერაციებისა და ა ტიპის იმ აგლომერაციებისთვის, რომლებში წარმოქმნილი წყლების ჩაშვება მტკნარი წყლის ობიექტებსა და ესტუარებში - მტკნარ და ზღვის სანაპირო წყლებს შორის გარდამავალ ტერიტორიებში უნდა მოხდეს, უნდა დაექვემდებაროს მეორად ან ეკვივალენტურ გაწმენდას.
გამწმენდ ნაგებობაზე წარმოქმნილი ჩამდინარე წყალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- გამწმენდი ნაგებობის პროექტირება ან მოდერნიზაცია ისე უნდა მოხდეს, რომ წყალჩაშვებამდე უზრუნველყოფილი იქნას შემავალი (დაუმუშავებელი) და გამომავალი (დამუშავებული) წყლის რეპრეზენტატული სინჯები, რომლის მიღების წესი განისაზღვრება “წყლის სინჯის აღების სანიტარული წესების” ტექნიკური რეგლამენტით. სინჯების აღების წერტილები ნაგებობის ტექნიკურ პროექტში უნდა იყოს განსაზღვრული. გამწმენდი ნაგებობის პროექტირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს დატვირთვის სეზონური ცვლილებები.
- გაწმენდილი წყლის სტანდარტები:
|
პარამეტრი |
კონცენტრაცია (მგ/ლ) |
დამაბინძურებლის შემცირების მინიმალური პროცენტული მაჩვენებელი |
გაზომვის რეფერენსული მეთოდი |
|
ჟანგბადის ბიოქიმიური მოთხოვნილება (ჟბმ5 20ºC-ზე)*1 |
25
|
70 – 90%
40 – (მუხლი 8-ის შესაბამისად)
|
ჰომოგენიზებული, გაუფილტრავი, დაუწრეტავი ნიმუში.*2 |
|
ჟანგბადის ქიმიური მოთხოვნილება (ჟქმ)
|
125 |
75%
|
ჰომოგენიზებული, გაუფილტრავი, დაუწრეტავი ნედლი ნიმუში. კალიუმის დიქრომატის მეთოდი |
|
ჯამური შეწონილი ნაწილაკები 1 |
35 მგ/ლ (10 000-ზე მეტი მოსახლეობის ეკვივალენტი) |
90% (10 000-ზე მეტი მოსახლეობის ეკვივალენტი) |
- რეპრეზენტატიული ნიმუშის გაფილტვრა 0,45 µm მემბრანით. გაშრობა 10ºC-ზე და აწონვა. |
|
ჯამური შეწონილი ნაწილაკები 2 |
60 მგ/ლ (2 000 - 10 000 მოსახლეობის ეკვივალენტი) |
70% (2 000 - 10 000 მოსახლეობის ეკვივალენტი) |
- რეპრეზენტატიული ნიმუშის ცენტრიფუგირება (სულ მცირე 5 წუთის განმავლობაში 2 800 - 3 200 g საშუალო აჩქარებით) გაშრობა 105ºC-ზე და აწონვა. |
*1 - პარამეტრი შეიძლება სხვა პარამეტრით ჩანაცვლდეს: საერთო ორგანული ნახშირბადი ან ჟანგბადის ჯამური მოთხოვნილება, იმ შემთხვევაში თუ შესაძლებელია კავშირის დადგენა ჟბმ5-სა და შემცვლელ პარამეტრს შორის.
*2 - გახსნილი ჟანგბადის განსაზღვრა ხუთდღიანი ინკუბაციის დაწყებამდე და მის შემდეგ 20ºC ± 1ºC ტემპერატურაზე, სრულ სიბნელეში. ნიტრიფიკაციის ინჰიბიტორის დამატებით.
სალექარებიდან გამომავალი ჩამდინარე წყლების ანალიზი გაფილტრულ ნიმუშებზე უნდა ჩატარდეს. თუმცა, წყლის გაუფილტრავ ნიმუშებში ჯამური შეწონილი მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია 150 მგ/ლ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
სენსიტიური არეალები
რეგლამენტის თანახმად, ურბანული ჩამდინარე წყლების წყალჩაშვებისთვის სენსიტიურ არეალად განისაზღვრება ყველა მტკნარი ზედაპირული წყლის ობიექტი, ზღვის დონიდან 1500 მ-ზე მაღლა მდებარე წყლის ობიექტების გარდა. სენსიტიურ არეალებში ბ ტიპის აგლომერაციების ურბანული ჩამდინარე წყლებისთვის სავალდებულოა უფრო მკაცრი გაწმენდა, აზოტისა და/ან ფოსფორის მოცილებით.
|
პარამეტრი |
კონცენტრაცია (მგ/ლ) |
დამაბინძურებლის შემცირების მინიმალური პროცენტული მაჩვენებელი |
გაზომვის რეფერენსული მეთოდი |
|
საერთო ფოსფორი 1 |
2 მგ/ლ P (10 000 - 100 000 მოსახლეობის ეკვივალენტი)
|
80% |
მოლეკულურ- აბსორბციული სპექტროფოტომეტრია |
|
საერთო ფოსფორი 2 |
1 მგ/ლ P (100 000-ზე მეტი მოსახლეობის ეკვივალენტი)
|
80% |
მოლეკულურ- აბსორბციული სპექტროფოტომეტრია |
|
საერთო აზოტი 1 |
15 მგ/ლ N (10 000 - 100 000 მოსახლეობის ეკვივალენტი)
|
70 – 80% |
მოლეკულურ- აბსორბციული სპექტროფოტომეტრია |
|
საერთო აზოტი 2 |
10 მგ/ლ N (100 000-ზე მეტი მოსახლეობის ეკვივალენტი) |
70 – 80% |
მოლეკულურ- აბსორბციული სპექტროფოტომეტრია |
ურბანული ჩამდინარე წყლების ჩაშვების ადგილები ისე უნდა შეირჩეს, რომ მაქსიმალურად შემცირდეს მათი ზემოქმედება წყლის ობიექტის ეკოსისტემაზე, წყალმომარაგების ობიექტზე, რეკრეაციულ ზონებსა და სხვა მგრძნობიარე სექტორებზე. დამუშავებული ჩამდინარე წყალი კი, სენსიტიურ არეალებში ჩაშვებამდე, უნდა აკმაყოფილებდეს მეორადი გაწმენდის მოთხოვნებს.
ა ტიპის აგლომერაციები შესაძლოა დაექვემდებაროს იმავე მოთხოვნებს, თუ დადგინდება, რომ მათი ჩაშვება უარყოფითად აისახება სენსიტიურ არეალებზე. ამ შემთხვევაში გაწმენდის დონეს განსაზღვრავს სამინისტრო.
ნაკლებად სენსიტიური არეალები და გამონაკლისები
შავი ზღვის სანაპირო წყლებში ჩაშვებული ურბანული ჩამდინარე წყლები შეიძლება დაექვემდებაროს ნაკლებად მკაცრ გაწმენდას, თუ მიმღებ გარემოს აქვს განზავების საკმარისი უნარი და ასეთი ჩამდინარე წყლის ჩაშვება გარემოზე უარყოფითად არ იმოქმედებს. ანალოგიურად, სანაპირო ზოლში მდებარე ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობიდან გამომავალი წყლის ზღვის სიღრმეში ჩაშვება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ დასტურდება, რომ მიმღები წყლის ობიექტს განზავების საკმარისი უნარი აქვს.
1500 მ-ზე მაღლა არსებული წყლის ობიექტებში ურბანული ჩამდინარე წყლების ჩაშვების შემთხვევაში, სადაც დაბალი ტემპერატურის გამო ეფექტიანი ბიოლოგიური გაწმენდა რთულია, დასაშვებია ყველაზე ნაკლებად მკაცრი სტანდარტების გამოყენება.
ურბანული ჩამდინარე წყლების მონიტორინგისთვის წყალმოსარგებლემ ან გამწმენდი ნაგებობის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს:
- გამწმენდ ნაგებობაზე გაწმენდილი ჩამდინარე წყლების თვითმონიტორინგი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის შესამოწმებლად.
- თვითმონიტორინგი როგორც გამწმენდ ნაგებობაზე გაწმენდილი, ისე მაღალმთიან ტერიტორიებზე პირდაპირ ჩაშვებული ურბანული ჩამდინარე წყლების მიმართ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელია მათი მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მიმღებ გარემოზე.
- სენსიტიურ არეალებში ჩაშვების შემთხვევაში, სამინისტრომ უნდა მოითხოვოს, რომ წყალმოსარგებლემ განახორციელოს მონიტორინგი და შესაბამისი კვლევები იმის დასადასტურებლად, რომ წყალჩაშვება არ იწვევს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებაზე, როგორებიცაა ჟანგბადის შემცველობაზე, ნუტრიენტებზე ან შეწონილ ნაწილაკებზე.