2026 წლის 28 ივლისს ახალი წყლის კანონის კიდევ ერთი ტექნიკური რეგლამენტი გამოიცა, რომელიც წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წესებსა და პირობებს ადგენს. ეს უკანასკნელი ელექტრონული ფორმით იწარმოება და მეწარმე ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ საქართველოში ზედაპირული და მიწისქვეშა წყლებით სარგებლობას აღრიცხავს.
მეწარმეები აღრიცხვას იმ შემთხვევაში ექვემდებარებიან, თუ:
- წყალსარგებლობისას წყლის ობიექტიდან წყალაღება დღე-ღამეში 1 მ3-ზე მეტია;
- წყალსარგებლობისას ხდება წყლის ობიექტში დამაბინძურებელი ნივთიერებების შემცველი ჩამდინარე წყლების ჩაშვება, ნებისმიერი რაოდენობით.
ამ წესის მიზანია:
- მეწარმე ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ წყალაღებისა და წყალჩაშვების შესახებ მონაცემების რეგულარულად შეგროვება, აღრიცხვა, დამუშავება და ანალიზის საფუძველზე იმის დადგენა, თუ რა ზეწოლას ახდენენ ისინი წყლის ობიექტებზე;
- წყლის რესურსების მართვის ხელშეწყობა;
- აღრიცხული მონაცემების მიხედვით წყალმოსარგებლეთა შორის წყლის რესურსების რაციონალური და სამართლიანი განაწილება, პრიორიტეტი იქნება მოსახლეობა;
- წყლის ობიექტების დაცვა და მათზე შესაძლო მავნე ზემოქმედების პრევენცია.
წყალსარგებლობის სახეების იდენტიფიცირება უნდა მოხდეს თითოეული მდინარის აუზის ან სააუზო უბნის ფარგლებში. წყალსარგებლობა შემდეგ სახეებად იყოფა:
- ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყალსარგებლობა;
- ურბანული მიზნებისთვის წყალსარგებლობა;
- სამრეწველო მიზნებისთვის წყალსარგებლობა;
- სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის წყალსარგებლობა;
- წყალსარგებლობა წყლის ნაკადის რეგულირების, მათ შორის წყლის გადაცემისა და დინების გადამისამართების მიზნით;
- წყალსარგებლობა სხვა მიზნებისთვის.
წყალმოსარგეებლებმა ყოველწლიურად, საანგარიშო წლის დასრულების შემდეგ, 15 თებერვლამდე უნდა შეავსონ „წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმა ელექტრონული სისტემის მეშვეობით (რაც ტექნიკურ რეგლამენტში კონკრეტულად განსაზღვრული არაა და შესაძლებელია ინტერპრეტაციის საკითხი გახდეს). მიღებული ფორმების დადასტურება/დახარვეზების შესახებ კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტილებას იღებენ 1-ლ აპრილამდე. დახარვეზების შემთხვევაში წყალმოსარგებლემ 30 აპრილამდე უნდა გამოასწოროს ხარვეზი.
აღნიშნულ აღრიცხვის ფორმას წყალმოსარგებლე ავსებს და მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობაც მას ეკისრება. ფორმა შემდეგი პირობების დაცვით უნდა შეივსოს:
- ფორმის თითოეულ გრაფაში უნდა ჩაიწეროს ციფრი, სიტყვიერი აღნიშვნა, ან, მონაცემების არარსებობის შემთხვევაში, დეფისი;
- ფორმაში მაჩვენებლები მეათასედი ნიშნის სიზუსტით უნდა იყოს მოცემული;
- GPS კოორდინატები UTM WGS 1984 კოორდინატთა სისტემაში უნდა იყოს წარმოდგენილი.
ფორმა 4 პუნქტისგან შედგება, სადაც 1-ლ პუნქტში მოცემული უნდა იყოს მონაცემების წყალმოსარგებლის საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლების შესახებ საანგარიშო წლის განმავლობაში.
მეორე პუნქტი მოითხოვს ინფორმაციას ათას კუბურ მეტრზე წყალაღების შესახებ. მასში გათვალისწინებული უნდა იყოს:
- წყლის ობიექტიდან აღებული ან სხვა წყალმოსარგებლისგან მიღებული წყლის მოცულობის ჯამური მაჩვენებელი;
- დეტალური ინფორმაცია წყალაღების წყაროს და წერტილის შესახებ, მათ შორის წყაროს ტიპი, დასახელება, ზღვის აუზი, მდინარის აუზი ან სააუზო უბანი, მდინარის ქვეაუზი და წყალაღების წერტილის GPS კოორდინატები.
- მიღებული წყლის ხარისხის კატეგორიის კოდი;
- წყალმოსარგებლის მიერ წლის განმავლობაში გამოყენებული წყლის ჯამური მოცულობა;
- გამოუყენებლად ან/და გამოყენების შემდეგ სხვა წყალმოსარგებლეზე გადაცემული წყლის მოცულობა;
- დანაკარგები ტრანსპორტირებისას.
მესამე პუნქტი, რომელიც მოითხოვს ინფორმაციას 1000 მ3-ზე წყალარინების შესახებ, განკუთვნილია ჩამდინარე წყლების მოცულობის აღრიცხვისთვის, რომელთა ჩაშვება ხდება ზედაპირული წყლის ობიექტებში, მიწისქვეშა ჰორიზონტებში, დამაგროვებლებში, ხევებში, სამიწათმოქმედო რწყვის მინდვრებზე და რელიეფის სხვა ადგილებში, ასევე ეს პუნქტი განკუთვნილია წყლის ობიექტებში ჩაშვებული დამაბინძურებელი ნივთიერებების რაოდენობის აღრიცხვისთვის.
ბოლო პუნქტში კი უნდა მიეთითოს ინფორმაცია წყლის გამოყენების დამატებითი მაჩვენებლების შესახებ, რომელიც აღრიცხვის ფორმის სხვა პუნქტებში არა გათვალისწინებული, როგორებიცაა ლიცენზიით განსაზღვრული მიწისქვეშა წყლის რაოდენობა, გამწმენდი ნაგებობის ტიპი, მისი საპროექტო სიმძლავრე, და ა.შ.
წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვაზე, მონაცემების შეგროვებასა და ანალიზზე გარემოს ეროვნული სააგენტოა პასუხისმგებელი, აღრიცხვის მოთხოვნების დარღვევის კონტროლს კი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს. აღრიცხვის მოთხოვნათა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა წყალმოსარგებლეს ეკისრება.