კლიმატის კრიზისზე საუბრისას წყალი, ტრადიციულად, მიიჩნევა რესურსად, რომელზეც ეს პროცესი ახდენს გავლენას, რაც გვალვებში, წყალდიდობებსა და სასმელი წყლის რესურსის შემცირებაში ვლინდება. თუმცა, ბოლო წლების სამეცნიერო კვლევებმა გამოავლინა, რომ წყალს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.
სათბურის აირების ემისიასთან და ბიომრავალფეროვნების კარგვასთან ბრძოლის პროცესი გადამწყვეტ ეტაპზეა. პარიზის შეთანხმების მიზნის, ინდუსტრიულ რევოლუციამდელ მაჩვენებელთან შედარებით ტემპერატურული ნამატის 1.5°C-მდე შეზღუდვა, უფრო და უფრო მიუღწეველი ჩანს. ამავდროულად, კლიმატის კრიზისთან ბრძოლაში წყალი სტრატეგიულ როლს იძენს. 2021 წლის COP26-ის შემდეგ „წყლის პავილიონის“ შექმნა გარდამტეხი ნაბიჯი იყო. მას შემდეგ წყლის ციკლის ინტეგრაცია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისა და შეგუების სტრატეგიებში გაიზარდა. წყლისა და ჩამდინარე წყლების ინფრასტრუქტურა გლობალურად სათბურის აირების ემისიების 2%-ზეა პასუხისმგებელი. თუმცა, ემისიების შემცირება კლიმატის კრიზისთან ბრძოლაში საკმარისი არაა, ამისთვის წყლის ეფექტიან მართვას დიდი მნიშვნელობა აქვს და ის უნდა განვიხილოთ არა როგორც კლიმატის ცვლილების მსხვერპლი, არამედ აქტიური აგენტი ამ პროცესთან ბრძოლაში.
წყლის მოხმარება ადამიანის საქმიანობის ყველა მნიშვნელოვან სფეროს უკავშირდება, როგორებიცაა ენერგია, სოფლის მეურნეობა, ეკოსისტემები, ქალაქები და ა.შ.
წყალი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორია განახლებადი ენერგიის ეფექტიანობისთვის. მაგალითად, ბიოენერგია ნახშირბადის შთანთქმისა და დასაწყობებისთვის (BECCS) - რომელსაც ხშირად მიიჩნევენ ნულოვანი ემისიების მიღწევის მთავარი გზად, დიდი რაოდენობით წყალს საჭიროებს ირიგაციისა და გადამუშავებისთვის, რაც წყლის დეფიციტის მქონე რეგიონებში შეიძლება კონფლიქტის მიზეზი გახდეს. ისეთი ტექნოლოგიებიც კი, როგორებიცაა გეოთერმული, მზის თერმული ან ბირთვული ენერგია, საჭიროებს წყალს გაგრილების სისტემებისთვის, ასე რომ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პროცესში მათი ეფექტიანობა უნდა ითვალისწინებდეს მათ გავლენას წყლის რესურსებზე.
სათბურის აირების ემისიების წყაროა სანიტარიაც. ბოლო დროის კვლევებმა აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია სანიტარიას ემისიების შემცირების მიმართულებით. წყლის დამუშავების სისტემებზე მსოფლიო მეთანის ემისიების 5% მოდის, ახალმა კვლევებმა კი გამოავლინა მეთანის, ნახშირორჟანგისა და აზოტის ოქსიდის მაღალი დონე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ხშირად გამოყენებადი სანიტარიის სისტემებიდან.
ჩნდება კითხვა: როგორ შევქმნათ ისეთი წყლის ინფრასტრუქტურა, რომელიც ერთდროულად ამცირებს დაბინძურებას, ენერგიის მოხმარებასა და სათბურის აირების ემისიებს?
აქ იკვეთება ორი მნიშვნელოვანი მიმართულება — ნულოვანი დაბინძურებისკენ სწრაფვა და კლიმატ-ნეიტრალური წყლის ინფრასტრუქტურა.
ნულოვანი დაბინძურება
ნულოვანი დაბინძურება არ ნიშნავს მხოლოდ ჩამდინარე წყლების გაწმენდას. თანამედროვე მიდგომა გულისხმობს დაბინძურების პრევენციას, რესურსების ეფექტიან გამოყენებას და წყლის ციკლის თითოეულ ეტაპზე გარემოზე ზემოქმედების შემცირებას.
თანამედროვე წყლის სისტემები უნდა მუშაობდეს როგორც რესურსების მართვის ინტეგრირებული სისტემა სადაც გაწმენდილი წყალი, ენერგია, საკვები ნივთიერებები და სხვა რესურსები მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენება.
ამისთვის აუცილებელია:
- წყლის დანაკარგების შემცირება;
- დამაბინძურებლების წყაროს კონტროლი;
- ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა;
- ჩამდინარე წყლების ეფექტიანი გაწმენდა;
- გაწმენდილი წყლის ხელახალი გამოყენება;
- სასარგებლო რესურსების აღდგენა;
- პროცესების ავტომატიზაცია და რეალურ დროში მონიტორინგი.
შედეგად, ჩამდინარე წყალი ხდება რესურსების დამატებითი წყარო.
კლიმატ-ნეიტრალურობა წყლის ინფრასტრუქტურაში
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წყლის სექტორს გარკვეული წვლილი შეაქვს კლიმატის ცვლილებაში. წყლის მოპოვება, ტუმბვა, ტრანსპორტირება, გაწმენდა და საბოლოო დამუშავება ენერგიას მოითხოვს. განსაკუთრებით ენერგოინტენსიური შეიძლება იყოს ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გაწმენდის პროცესები.
წყლის სექტორში ემისიების შესამცირებლად რაიმე კვანტური გარღვევა საჭირო არაა, რადგან უკვე არსებობს შესაბამისი ტექნოლოგიები და შედარებით მარტივია მათი გამოყენება მარეგულირებელი ნორმების დაცვით. გარდა ამისა, ბაზარზე მუდმივად ჩნდება ინოვაციური ტენქოლოგიები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სექტორს აქვს შესაძლებლობა, წყლის მართვა აქციოს ერთ-ერთ პირველ სექტორად, რომელიც დეკარბონიზაციას განიცდის.
აქედან გამომდინარე, საჭიროა მთელი პროცესის ავტომატიზაცია, ენერგიის მოხმარებით დაწყებული, პროცესების მართვითა და რესურსების აღდგენით დასრულებული.
მაგალითად, ენერგოეფექტური ტუმბოები, ინტელექტუალური მართვის სისტემები, პროცესების ოპტიმიზაცია, ბიოგაზის ან სხვა ენერგორესურსების აღდგენა და განახლებადი ენერგიის ინტეგრაცია შეიძლება მნიშვნელოვნად დაეხმაროს ობიექტებს ენერგეტიკული და ნახშირბადული კვალის შემცირებაში.
ჩამდინარე წყლები შეიძლება შეიცავდეს:
წყალს — რომლის გაწმენდის შემდეგ შესაძლებელია მისი ხელახალი გამოყენება ტექნიკურ, სამრეწველო ან სხვა შესაბამის პროცესებში.
ენერგიას — მაგალითად, ორგანული ნივთიერებების დამუშავების შედეგად წარმოქმნილი ბიოგაზის სახით.
ღირებული რესურსები — მათ შორის აზოტსა და ფოსფორს, რომელთა აღდგენა და შემდგომი გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი ტექნოლოგიებით.
ნულოვანი დაბინძურებისა და კლიმატ-ნეიტრალურობის მისაღწევად ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები უნდა შეირჩეს არა მხოლოდ მათი საწყისი ღირებულების, არამედ მთელი სიცოცხლის ციკლის გათვალისწინებით.
სწორად დაპროექტებულ სისტემაში მნიშვნელოვანია:
ენერგოეფექტურობა — ნაკლები ენერგია იგივე ან უკეთესი შედეგისთვის.
ავტომატიზაცია — პროცესების ზუსტი კონტროლი და ადამიანური შეცდომების შემცირება.
მონიტორინგი — წყლის ხარისხის, ენერგიის მოხმარებისა და პროცესის პარამეტრების უწყვეტი კონტროლი.
მოდულურობა — სისტემის მოქნილობა და საჭიროების შემთხვევაში მისი გაფართოების შესაძლებლობა.
რესურსების ხელახალი გამოყენება — გაწმენდილი წყლის, ენერგიისა და სხვა რესურსების მაქსიმალური დაბრუნება ციკლში.
საბოლოოდ, ყველაზე ეფექტიანი წყლის სისტემა ის არის, რომელიც მინიმალური რესურსით აღწევს მაქსიმალურ გარემოსდაცვით შედეგს.
- რეგულაციებთან შესაბამისობა: გარემოსდაცვითი კანონმდებლობა საქართველოში და რეგიონში ეტაპობრივად ევროპულ სტანდარტებს უთანაბრდება.
- ოპერაციული ხარჯების შემცირება: ენერგოეფექტურობა და წყლის განმეორებითი გამოყენება პირდაპირ ამცირებს კომუნალურ და საწარმოო ხარჯებს.
- ESG და კორპორაციული პასუხისმგებლობა: მდგრადი ტექნოლოგიების გამოყენება ზრდის კომპანიის საინვესტიციო მიმზიდველობას და რეპუტაციას.
აქედან გამომდინარე, წყლის რესურსების მართვა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პროცესში უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს. ბრძოლის სტრატეგიები ეფექტიანი და მდგრადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მათში გათვალისწინებული იქნება წყლის ფაქტორი. ეს საჭიროებს ცვლილებებს მართვაში, პოლიტიკის დოკუმენტებში, სივრცით დაგეგმარებაში და ინვესტიციებში როგორც ახალ ტექნოლოგიებში, ასევე ბუნებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტებში.